ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მეორე ტალღის რისკი არის რეალური და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც მიგვითითებს.
„ეს არ არის დამაიმედებელი ინფორმაცია, მაგრამ ის აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და მოვემზადოთ, ჩვენ რისკებს ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლით ვაფასებთ. ყველა ღონისძიების შემდეგ, რაც ქვეყანამ განახორციელა, მაჩვენებელი 0.54%-ს შეადგენს, თუმცა გლობალური რისკები ამით არ სრულდება. მეორე ტალღა განსაკუთრებით საყურადღებოა, რამდენადაც ჯანდაცვის მსოფლიო სისტემას ჯერ ვაქცინა არ აქვს. მის შემუშავებასა და დანერგვას სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება, ამიტომ ეფექტური ზომები კვლავ უნდა გამოვიყენოთ. ეს თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული, რომელიც კვლავ თავყრილობებისგან თავის შეკავებაში გამოიხატება. სწორედ ამან მოგვცა ვირუსის შეკავების შესაძლებლობა და ეს უნდა დაგვეხმაროს მეორე ტალღის შემთხვევაშიც. ჯანდაცვის სისტემა ამისთვის მომზადებას აგრძელებს, რათა გვქონდეს მარაგი და ასევე ჩავერთოთ კვლევაში და მკურნალობის მეთოდი შემუშავდეს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
ქვეყანაში კორონავირუსი 732 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 537 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 3076 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 300.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
Imedinews.ge