ჩვენ დავიცავთ ყველა რეკომენდაციას, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს COVID19-ზე ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „იმედის დილის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, როგორც კი იქნება შესაბამისი დასკვნები და საკმარისი მტკიცებულებები ბავშვების ვაქცინაციის შესახებ, საქართველოში ამ ჯგუფის აცრა დაიწყება. „კარგია, რომ ჩვენ გვექნება ხელმისაწვდომობა „ფაიზერის“ ვაქცინაზე მალევე და შესაძლებელია მივმართოთ ამ ასაკობრივი ჯგუფისკენ. 12-დან 16-წლამდე ასაკობრივ ჯგუფებზეა დღეს საუბარი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც აქტიურად იყენებენ „ფაიზერის“ ვაქცინას და „მოდერნას“. ასევე „ჯონსონი და ჯონსონი“ ატარებს კვლევას ბავშვთა კონტინგენტზე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
გაბუნიას განცხადებით COVID19-ზე ბავშვთა ვაქცინაციის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს მშობლები ხშირად მიმართავენ. „მოგვმართავენ განსაკუთრებით მოზარდების მშობლები, ვინც საზღვარგარეთ გეგმავს სწავლის გაგრძელებას. ინტერესი მაღალია და ჯანმრთელობის რისკებიც არის ამ ასაკობრივ ჯგუფში“, - აღნიშნა გაბუნიამ.
imedinews.ge