მოსახლეობას აუცილებლად მიეწოდება დეტალური ინფორმაცია ვაქცინების უკუჩვენებებისა და მოსალოდნელი გვერდითი რეაქციების შესახებ, სამედიცინო პერსონალი კი ძალიან დეტალურ ტრენინგს გაივლის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„აუცილებელია ვაქცინის შემდგომი გვერდითი რეაქციების აქტიური მონიტორინგი, რათა უზრუნველყოფილი იყოს ვაქცინაციის პროგრამის უსაფრთხოება. ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში უკვე არსებობს დიდი გამოცდილება. შარშან დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განაახლა გვერდითი რეაქციების მონიტორინგი გაიდლაინი, თუმცა წელს კოვიდთან მიმართებაში დამატებითი რეკომენდაციები გამოიცა. დღეს დილით გვქონდა საუბარი ჯანმოს ცენტრალურ ოფისთან, მათ დახმარება შემოგვთავაზეს, რაც უკავშირდება უახლესი მეთოდებისა და ფორმების დანერგვისთვის მასწავლებლების ტრენინგს და ექსპერტების უშუალო ჩართულობას. ამას ჰქვია მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა - როდესაც აღმოცენდება გვერდითი რეაქცია, საჭიროა სპეციფიური ანალიზის ჩატარება, რათა დადგინდეს, რამდენად უკავშირდება ეს გვერდითი რეაქცია კონკრეტულ ვაქცინას. რა თქმა უნდა, ჩვენი ექსპერტები გარკვეულ გამოცდილებას ფლობენ, თუმცა ჩვენ მოვითხოვენ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობა და მივიღეთ წინასწარი თანხმობა. მოსახლეობას აუცილებლად მიეწოდება დეტალური ინფორმაცია ვაქცინების უკუჩვენებებისა და მოსალოდნელი გვერდითი რეაქციების შესახებ, სამედიცინო პერსონალი კი ძალიან დეტალურ ტრენინგს გაივლის“, - განაცხადა გაბუნიამ.
imedinews.ge