აქამდე PCR-ტესტირების მთავარი დატვირთვა ლუგარის ლაბორატორიაზე მოდიოდა და ასევე ჩართული იყო მისი რეგიონული ფილიალები, თბილისის ინფექციური საავადმყოფო და „ნეოლაბი“- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული ანალიზების რაოდენობამ დაახლოებით 700-ს მიაღწია, რაც რეკორდულია.
„თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანის კვლევა ხდება საჭირო და იმისთვის, რომ ეპიდემიის წარმატებული კონტროლი მოხერხდეს და კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვიკვლიოთ, ამ პროცესში დამატებით 5 კერძო ლაბორატორია ჩაერთო თბილისში და ასევე რეგიონებშიც. ძირითადად ეს იქნება ქუთაისის ლაბორატორიები, რომლებიც 800-დან 1200-მდე ტესტის შესრულებას შეძლებენ დღის განმავლობაში. ჩვენ ვგეგმავთ ეტაპობრივად კიდევ მეტად გაფართოვდეს PCR-ტესტირების შესაძლებლობა, რაც მოგვცემს საშუალებას დღეში 1500-1800 ტესტის შესრულების შესაძლებლობას“-განაცხადა თამარ გაბუნიამ.
Imedinews.ge