ჯანდაცვის სამინისტრო უკვე აქტიურად მუშაობს, რომ როგორც კი, ვაქცინა ქვეყანაში იქნება და მოლოდინი გვაქვს, რომ თებერვლის მეორე ნახევარში უკვე გვექნება ამის შესაძლებლობა, არ დაიკარგოს არც ერთი წუთი და ვაქცინაციის პროგრამა დაიწყოს დაუყოვნებლივ, ამისთვის ხდება სამედიცინო დაწესებულებების შერჩევა, სადაც განხორციელდება „ფაიზერის“ ვაქცინაცია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინაციის განხორციელებაში ყველა სამედიცინო დაწესებულება ულტრა ცივი ჯაჭვის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვერ ჩაერთვება.
„ამიტომ, ხდება დიდი კლინიკების შერჩევა, რომლებსაც აქვთ შესაფერისი რესურსი, რომ უზრუნველყონ პაციენტთა ნაკადების მართვა, ასევე ისინი აღჭურვილნი არიან სათანადო ადგილებით, რომ გვერდითი რეაქცია თუ გამოვლინდა მარტივად იმართოს ადგილზევე. ასეთი კლინიკების საჭიროება ბევრი არ არის, სულ ათამდე კლინიკაზე ვსაუბრობთ-ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში. უკვე მზად არის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, ქუთაისსა და თბილისში დღეს ან ხვალ დასრულდება წინასწარი შერჩევა და კვირის ბოლოსთვის დაიწყება ადგილებზე პერსონალის ტრენინგი და მათი მომზადება. კლინიკას უნდა ჰქონდეს გადაუდებელ დახმარებაში ნებართვა, ასევე იმუნიზაციის შესახებ გამოცდილება და სულ მცირე სამი ბრიგადა. პაციენტების ნაკადები უნდა გაიყოს. პაციენტები უნდა შევიდნენ სხვა შესასვლელებიდან და სამედიცინო მუშაკები, ვინც ასაცრელად მივლენ, მათ უნდა დახვდეთ იზოლირებული შესასვლელი და აცრის შემდეგ დაყოვნების სივრცე. რეგულირების სააგენტო ამ ყველაფერს შეამოწმებს და ამის შემდეგ მოხდება მათი ჩართვა პროგრამაში“, – განაცხადა გაბუნიამ.
თამარ გაბუნიას განცხადებით, იმუნიზაციის პროგრამას საინფორმაციო უზრუნველყოფა უკვე აქვს.
„უკვე დაწყებულია რეგისტრაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემთა ბაზაში სამედიცინო პერსონალის, ანუ ყველა იმ ადამიანის, რომელიც დღეს წარმოადგენს რისკის ჯგუფს“, – აღნიშნა გაბუნიამ.
ამასთან, გაბუნიას თქმით, კოვიდგადატანილი პირები ვაქცინაციას ოთხი თვის შემდეგ ექვემდბარებიან.
„გარკვეული პერიოდი ინფექციის დადასტურებიდან ვაქცინაციამდე უნდა გავიდეს, ჩვენ ვსაუბრობთ ოთხთვიან პერიოდზე, ოთხი თვე უნდა გავიდეს ინფექციის დადასტურებიდან და შემდეგ დაექვემდებარებიან ეს პირები ვაქცინაციას“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
1tv.ge