„თალიბანმა" ავღანეთში „ამერიკის ხმისა" და რადიო თავისუფლების მაუწყებლობა აკრძალა. „თალიბანი" ამ გადაწყვეტილების საფუძვლად რადიო თავისუფლებისა და „ამერიკის ხმის" კონტენტთან დაკავშირებით მიღებულ საჩივრებს ასახელებს. ავღანეთის ინფორმაციის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის, „რადიო აზადის" მაუწყებლობა 13 ქალაქში შეწყდა. „ამერიკის ხმამ" ასევე განაცხადა, რომ გაითიშა მისი ავღანური სამსახურის მაუწყებლობაც. პასუხად „თალიბანის" წარმომადგენელმა თქვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება „ჟურნალისტური პრინციპების შეუსრულებლობისა და ცალმხრივი მაუწყებლობის გამო იქნა მიღებული“.
„რადიო აზადი“ ათობით მილიონი ავღანელისთვის წარმოადგენს მაშველ წრეს, რაც თალიბანის გადაწყვეტილებას კიდევ უფრო ტრაგიკულს ხდის", - განაცხადა რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის პრეზიდენტმა ჯეიმი ფლაიმ და დასძინა, რომ რადიო თავისუფლების ავღანური სამსახური შეეცდება სხვა პლატფორმებით მიაწვდინოს ხმა თავის მსმენელს.
„ამერიკის ხმის" ვებსაიტზე ნათქვამია, რომ VOA და RFE/RL არიან აშშ–ის მთავრობის მიერ დაფინანსებული საინფორმაციო ორგანიზაციები, რომელთა თანამშრომლები იცავენ დამოუკიდებლობის პრინციპს და ცდილობენ უზრუნველყონ ფაქტების ყოვლისმომცველი, დაბალანსებული გაშუქება.