საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ გუნდში სამთავრობო ცვლილებებზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მიერ დასმულ კითხვაზე, იგეგმება თუ არა პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას მისით ჩანაცვლება, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თანამდებობა თვითმიზანი არ არის:
„თანამდებობა არ არის არცერთი ჩვენგანის თვითმიზანი. მთავრობის მეთაური არის გიორგი გახარია, ის ძლიერი და განათლებული ადამიანია და ბევრს მუშაობს, რომ ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს. სამთავრობო ცვლილებებზე გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის მიღებული“, - უთხრა „ინტერპრესნიუსს“ არჩილ თალაკვაძემ.
„მოდით ფინალს დაველოდოთ“, - ასე უპასუხა 17 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა მთავრობის მეთაურის პოსტზე მისი ჩანაცვლება ბიძინა ივანიშვილით:
მედიაში ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან შესაძლო გადაყენების შესახებ. მედია მის პოტენციურ ადგილმონაცვლედ ძირითადად 2 კანდიდატს ასახელებს - პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს. პრემიერ-მინისტრის პოსტი გიორგი გახარიას 2019 წლის სექტემბრიდან უკავია.
წყარო: რადიო თავისუფლება