„თაფლობის თვე დასრულდა, კითხვების დასმის დრო დადგა, რომელზეც ჩემი აზრით, ხელისუფლებას სერიოზული პასუხები არ აქვს. კითხვები ეხება სოციალურ რისკებს, ეკონომიკისთვის მოკლევადიანი ბალიშის ჩაფენას და გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმას, ეკონომიკის რესტარტის მომენტისთვის.“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ გია ხუხაშვილმა განუცხადა. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა იღებს პოპულისტური გადაწყვეტილებებს და უჭირს ქმედითი, ეფექტური ნაბიჯების გადადგმა. მისი განმარტებით, ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობით გამოწვეულ პრობლემებს მეტნაკლებად უმკლავდება.
„პირველ ეტაპზე საზოგადოება შეზღუდვების მიმართ საკმაოდ ლოიალური იყო, მაგრამ ბოლო კვირის განმავლობაში მეჩვენება, რომ პარამეტრები ცოტა შეიცვალა. თუ ადრე განცდა იყო ისეთი, რომ ხელისუფლება საღი გონებით და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან მოქმედებდა, ახლა არარაციონალური შიში გახდა წამყვანი. გარკვეული შეზღუდვები უკავშირდება ემოციურ განცდებს, ვიდრე სახელმწიფოებრივ მოქმედებებს. მხედველობაში მაქვს მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვის გაგრძელება იმ ფორმით, რა ფორმითაც ხდება.
არსებობს ფორსმაჟორული ლოგისტიკა, მათ შორის ოჯახების კომუნიკაცია, ასაკოვანი მშობლები და შვილები ცალ-ცალკე ცხოვრობენ და არსებობს გადაადგილების ობიექტური აუცილებლობა,არ არსებობს ჩამოყალიბებული საშვთა სისტემა, რომლის დახმარებითაც ამ ტიპის პრობლემის გადაწყვეტა იქნება შესაძლებლი. შეიძლება შეზღუდვების წინააღმდეგი არავინ იყოს მაგრამ, ერთი პრობლემის პრევენცია არ უნდა იწვევდეს, უფრო მძიმე პრობლემების გენერაციას. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ბოლო პერიოდში ცოტა მოიკოჭლებს და ვითარებაც საკმაოდ მყიფე გახდა. საზოგადოება ძალიან კარგად გრძნობს ამას და ლოიალობა შეიძლება გადავიდეს აგრესიაში, რა დროსაც დამატებითი სოციალური რისკი შეიძლება გაჩნდეს ქვეყანაში“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ბაჩო ადამია