„ჩვენგან ავტომობლებზე მოთხოვნა ძალიან დიდია, არა მხოლოდ აზერბაიჯანში. რამდენიმე ახალი ბაზარი დაემატა, სადაც ყოველდღე ხდება საქართველოდან რეექსპორტი - ეს არის ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, რუსეთი, უკრაინა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დიდი ინტენსივობით ერაყის ბაზარიც გამოირჩევა,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ „კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორმა გიორგი სურგულაძემ განუცხადა.
როგორც სურგულაძე განმარტავს, პანდემიამ და საზღვრების ჩაკეტვამ პროცესები დროებით შეაფერხა, თუმცა დილერები ონლაინ — ვაჭრობის მიმართულებით გააქტიურდნენ. მისივე თქმით, შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა და ამ მიმართულებით საქართველო ჰაბის ფუნქციას კარგად ითვისებს, რაც ეკონომიკისთვის კოლოსალური მოგების მომტანი იქნება.
„ყარაბაღის ომის პერიოდში ოდნავ დაეცა ავტოგაყიდვები, თუმცა ეს ბოლო ერთი კვირაა რე-ექსპორტმა აზერბაიჯანის მიმართულებით მოიმატა. ჩვენ ასეთი მოლოდინებიც არ გვქონია და ეს კარგია, იმიტომ რომ რეექსპოტის მიმართულება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩაკეტილი საზღვრების პირობებში გამარტივებული რეექსპორტირების პროცესებს თუ დავნერგავთ, ეს შედეგები გაუმჯობესდება.
საზღვრების გახსნის მერე, ვფიქრობ რომ ეს ახალი ბაზრები მასობივად შემოვიდნენ, რადგან ქართული ჰაბის პრინციპი კარგად აითვისეს და შავ ზღვაზე წვდომა ამ ქვეყნებს არ აქვთ,“ - ამბობს გიორგი სურგულაძე.
რას უკავშირდება გლობალური პანდემიის ფონზე ავტომობილებზე პარადოქსულად მზარდი მოთხოვნა? გიორგი სურგულაძე ვარაუდობს, რომ მსოფლიოს მასშტაბით ადამიანებმა მოგზაურობებში ვერ დახარჯული თანხებით, უსაფრთხო გადაადგილებისთვის კერძო ავტომობილების შეძენა გადაწყვიტეს.
„ეს მარტო საქართველოში არ ხდება, მთელ მსოფლიოშიც ასეა - მეორადი ავტომობილების სეგმენტი, პანდემიის პერიოდში საკმაოდ გაიზარდა და ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება.
ალბათ ხალხს დანაზოგი ჰქონდა და ხარჯავდა ამ დანაზოგს. ვინც დასასვენებლად ვერ წავიდა მანქანა იყიდა, შეიძლება საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჯდომას მანქანით გადაადგილება ურჩევნია და ამ ყველა ფაქტორის კომბინაციამ საკმაო ზრდა გამოიწვია.
უკრაინის მიმართულებით ბევრი მანქანა გადის, ახლა მომსახურეობის სააგენტოსთან ერთადაც ვმუშაობთ, იმისათვის რომ გავამარტივოთ დისტანციური მომსახურეობის პროცესები, მინდობილბების ელექტრონულ ფორმატში გადატანა და ა.შ. რათა უფრო გავხსნათ გზა და მანქანები უფრო მეტად გავიდნენ,“ - ამბობს კავკასიის ავტოიმპორტის დამფუძნებელი.
სურგულაძის თქმით, რეექსპორტის ზრდის ტემპი ინტენსიურია, ხოლო რაც შეეხება შიდა ბაზარს, საქართველოში შემცირებულია ვაჭრობა, მაგრამ არა დრამატულად.
მარიამ მორგოშია