„სწრაფი და ონლაინ სესხის გადაუხდელობის შედეგად დაყადაღებული ხელფასი გახდა მიზეზი იმისა, რომ „რიკოდან“ რამდენიმე თანამშრომელი წავიდა და ტაქსის მძღოლი გახდა“- ასე აფასებს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო კრედიტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი „კომერსანტთან“ მთავრობის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც 600 ათასზე მეტ ადამიანს ვალი ჩამოეწერება.
ნიკოლაიშვილი განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება ძირითადად, სწრაფი და ონლაინ სესხების მსესხებლებზე გავრცელდება.
რაც შეეხება იმას, თუ რა წილს შეადგენს „რიკო კრედიტის“ საკრედიტო პორტფელში ვადაგადაცილებული სესხები, ნიკოლაიშვილი განმარტავს, რომ ეს ძალიან მცირეა.
„სწრაფი სესხების უბედურებაც ამაში იყო. 7-8 წელი იმას ვამბობდი, რომ ონლაინ და სწრაფი სესხები საშინელ შედეგს მოგვიტანდა. ხელფასების დაყადაღებებიც ამათგან ხდებოდა. ამ ადამიანებს კი მიეცემათ ახალი შანსი, რომ ცხოვრება თავიდან დაიწყონ. მე მყავდა თანამშრომელი, რომელიც სამსახურიდან წავიდა იმის გამო, რომ ხელფასი უყადაღდებოდა ონლაინ კომპანიებისგან. არადა, აქ მას ხელფასი ნორმალური ჰქონდა. ეს ადამიანი სამსახურიდან წავიდა და მუშაობა ტაქსის მძღოლად დაიწყო“-აცხადებს ნიკოლაიშვილი.
ხომ არ გახდება მთავრობის ეს ინიციატივა იმის პრეცენდენტი და წახალისება, ხომ ხვალ ადამიანები აღარ გადაიხდიან სესხებს, ნიკოლაიშვილი აღნიშნავს, რომ კარგია, როდესაც ადამიანს მეორე შანსი მიეცემა და ეს არავისთვის წამახალისებელი არ იქნება.
როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდებათ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბრამდე დასრულდება.
ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ვალების განულების პროცესი ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.
რაც შეეხება დღეს არსებულ სტატისტიკას, 2018 წლის სექტემბერში, კომერციულ ბანკებში ვადაგადაცილებულ სესხები 6.7 მლნ ლარით შემცირდა და 397.6 მლნ ლარს გაუტოლდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.6 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 51.9 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. ამასთან, სებ-ის ცნობით, საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 55.7 პროცენტს გაუტოლდა.
რაც შეეხება ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ ვადაგადაცილებულ დავალინებებებს, ეს სტატისტიკა უცნობია.
ავტორი: სოფო ქსოვრელი