„ეკონომიკური აქტივობის გაჩერებამ გამოიწვია აპრილში ეკონომიკის შემცირება და რაც უფრო მყიფე და სუსტი არის ეკონომიკა, მით უფრო მეტად მცირდება ის და სახეზე მივიღეთ ჩვენი ეკონომიკის ორნიშნა მაჩვენებლით შემცირება“, - ასე შეაფასა ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი მშპ-ს 16.6%-იანი კლება.
ეკონომისტის შეფასებით, თუ არ მოხდება მთვარობის მიერ პანდემიის პირობებში აღებული ვალების სწორად გადანაწილება, ეკონომიკური კლება მომდევნო წლის ბოლომდე გაგრძელდება.
„სწორი ეკონომიკური პოლიტიკა თუ არ გატარდა და ეს აღებული ვალები სწორად თუ არ მოხმარდა ეკონომიკის სტიმულირებას და მოსახლეობის დახმარებას, ზოგადად როგორც ქრონიკული დაავადება შეიძლება ისე იყოს მშპ-ს შემცირება ჩვენი ეკონომიკის მახასიათებელი მომდევნო წლის ბოლომდე და ზოგადად ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელება შემდეგ წლებშიც გაგრძელდეს. ახლა პრინციპულად მნიშვნელოვაია, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით ვუპასუხოთ ამ შემცირებას. მთავრობა რა ინიციატივებსაც აჟღერებს, ეს არ არის ეკონომიკის სტიმულირება, ჩვენ ვერ ვხედავთ ისეთ სამოქმედო გეგმას, რომ ეს აღებული თანხები ქვეყანას მძიმე ვალად არ დააწვება, ეს არც ანტიკრიზისულ გეგმაში ჩანს“, - განმარტა ირაკლი ყიფიანმა.
„საქსტატის“ინფორმაციით, ეკონომიკის 16.6%-იანი კლება დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 32.8%-ით შემცირებამ გამოიწვია, გარდა ამისა ექსპორტის შემცირებული მაჩვენებელიც ნეგატიურად აისახა. დარგი, რომელმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა კლების მიმართულებით, მშენებლობაა, შემდეგ მოდის ვაჭრობა და გადამამუშავებელი მრეწველობა.
ნინო თამაზაშვილი