SWIFT, სანქცირებული რუსული ბანკები და საქართველო

SWIFT, სანქცირებული რუსული ბანკები და საქართველო

access_time2022-05-20 14:00:25

Society for Worldwide Interbank Financial Telecommunications ანუ SWIFT ბანკთაშორისი კომუნიკაციის საერთაშორისო სისტემაა, რომელსაც საფინანსო ინსტიტუტები ინფორმაციის სწრაფად და უსაფრთხოდ გასაცვლელად იყენებენ. საბანკო ტრანზაქციებისა და ანგარიშსწორების განსახორციელებლად აუცილებელია უსაფრთხოება და სისწრაფე, ამიტომ თუ ბანკებს ხელი არ მიუწვდებათ SWIFT-ზე, მაშინ მათთვის ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელება რთულდება და შესაბამისად ძვირდება. მარტივად რომ ვთქვათ, ეს სისტემა უზრუნველყოფს ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ფულად ტრანზაქციებს.


SWIFT არის ორგანიზაცია, რომელიც 1973 წელს ბელგიაში დაარსდა და სისტემა 11 000-ზე მეტ საფინანსო დაწესებულებას ემსახურება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. SWIFT-ის მეშვეობით დღეში 40 მლნ-მდე გადარიცხვა ხორციელდება.


SWIFT-მდე იყო Telex, ერთადერთი ხელმისაწვდომი საშუალება შეტყობინების დადასტურებისთვის ფულის საერთაშორისო მასშტაბით გადარიცხვისთვის. Telex-ს ახასიათებდა დაბალი სიჩქარე და უსაფრთხოების პრობლემები. უფრო კონკრეტულად კი, ტელექსს არ გააჩნდა კოდების ერთიანი სისტემა ბანკების დასახელებისა და ტრანზაქციების აღწერისთვის. მაშინ გამგზავნებს უნდა აღეწერათ ყოველი ტრანზაქცია წინადადებებით, რამაც, საბოლოო ჯამში, მრავალი ადამიანური შეცდომა გამოიწვია. ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად ჩამოყალიბდა SWIFT სისტემა. SWIFT კი შეტყობინებების ფართო ქსელია, რომელსაც ფინანსური ინსტიტუტები იყენებენ ინფორმაციისა და ინსტრუქციების უსაფრთხოდ გადასაცემად კოდების სისტემის მეშვეობით. SWIFT თითოეულ ფინანსურ ორგანიზაციას ანიჭებს უნიკალურ, საიდენტიფიკაციო კოდს, რომელსაც აქვს რვა ან 11 სიმბოლო (მათ შორის მოიცავს ქვეყნის, ქალაქის, ფინანსური ინსტიტუტის კოდს).


SWIFT და საქართველო



საქართველოში SWIFT-ს არამარტო ბანკები, არამედ უკვე სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციები, მათ შორის მიკროსაფინანსოების და აუდიტორული კომპანიების ნაწილიც იყენებს.


ქართული კომერციული ბანკების SWIFT-ის სისტემაში ჩართვა ჯერ კიდევ 1995 წლიდან დაიწყო. 1997 წელს საერთაშორისო ორგანიზაციების ტექნიკური დახმარებით შესაძლებელი გახდა საქართველოს ეროვნული ბანკისა და 16 კომერციული ბანკის ჩართვა SWIFT-ის ცენტრალიზებული სისტემით, რომელიც შემდეგ წლებში შეიცვალა დეცენტრალიზებული სისტემით და ყველა ქართულ კომერციულ ბანკს მიეცა ამ ქსელში ჩართვის შესაძლებლობა.


SWIFT და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები



SWIFT ყოველდღიურად აქტიურად გამოიყენება საერთაშორისო ვაჭრობასა და გადარიცხვებში, რაც მას გლობალური ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილად აქცევს. სახელმწიფოს SWIFT-ის სისტემიდან გაძევება, ფაქტობრივად, მის გლობალური ეკონომიკიდან გაძევებას ნიშნავს.


რუსული სამხედრო ძალების უკრაინაში შეჭრას დასავლეთის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა, რუსეთს დაუწესდა სანქციები, რომელიც მისი რამდენიმე ბანკის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვასაც გულისხმობდა. ამით ქვეყანამ დაკარგა საერთაშორისო საფინანსო ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობის უდიდესი ნაწილი, რაც აისახება ნავთობისა და გაზის წარმოება–ექსპორტისგან მიღებულ სარგებელზეც, რომელიც ქვეყნის შემოსავლის 40%-ს შეადგენს.


SWIFT-დან გათიშვით რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტად გერმანია და აშშ იზარალებენ, რადგან მათი ბანკები ყველაზე მეტად თანამშრომლობენ რუსულ ბანკებთან ამ სისტემის გავლით. რუსეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრის ალექსეი კუდრინის ვარაუდით, რუსეთის SWIFT-დან გაძევება ქვეყნის ეკონომიკის 5%-ით შემცირებას გამოიწვევს, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს პანდემიურ პერიოდში რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირების მაჩვენებელსაც კი.


შედეგად, ასევე შემცირდება რუსეთში უცხოური ვალუტის შედინება და რუბლის რაოდენობა გაიზრდება. ასეთ დროს კი ეროვნული ვალუტა არამხოლოდ უფასურდება, არამედ ეცემა იმ პროდუქციის ღირებულებაც, რომლითაც ეს ქვეყანა ვაჭრობდა.



რუსული SPFS და ჩინური CIPS


SWIFT-ის მსგავსი სისტემები მსოფლიოში არსებობს, მაგრამ ცოტა მომხმარებელი ჰყავს და ამიტომ ნაკლებად მოსახერხებელია. შესაბამისად, რუსეთისთვის  SWIFT-ის ალტერნატივის მოძიება არც თუ ისე ადვილი საქმე იქნება.


თუმცა, 2014 წლიდან რუსეთი აქტიურად მუშაობს SWIFT-ის ალტერნატივის, SPFS-ის შექმნასა და განვითარებაზე, მაგრამ მას ბევრი ხარვეზი აქვს. სისტემა 73 მილიონ ბარათს ემსახურება, თუმცა, რუსეთის ფარგლებს გარეთ ის მხოლოდ სომხეთში, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ნაწილობრივ თურქეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთში და ყაზახეთში მოქმედებს. შესაბამისად, ეს სისტემა საგარეო ტრანზაქციების პრობლემას ვერ ხსნის.


SWIFT-ის ალტერნატივის შექმნაზე მუშაობს ჩინეთიც, რომელმაც 2015 წელს ქსელში გაუშვა საკუთარი საერთაშორისო საბანკო სისტემა - CIPS. ის ძირითადად იუანების ტრანზაქციებზე მუშაობს, ხოლო მსოფლიო ფინანსურ ბაზარზე იუანის წილი მხოლოდ 2%–ს შეადგენს, დოლარში კი დაახლობით 40% ხორციელდება.
რუსული SPFS-ის და ჩინური CIPS-ს შექმნა იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთისა თუ ჩინეთისათვის SWIFT-დან გარიცხვის შესაძლებლობა აქამდეც რეალისტური და მოსალოდნელი იყო.


სავაჭრო პარტნიორის SWIFT-დან გათიშვა და საქართველო


რუსეთი საქართველოს რიგით მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა და ბოლო წლების განმავლობაში მისი პოზიცია უფრო და უფრო უმჯობესდებოდა. მაგალითად, თუ 2011 წელს საქართველოს ექსპორტიორი ქვეყნების სიაში, 36.6 მილიონი აშშ დოლარით, მხოლოდ მე-12 ადგილას იყო, 2021 წელს 610 მილიონი აშშ დოლარით მეორე ადგილზე გადაინაცვლა. საქართველოს ადგილობრივი წარმოებისა და დასაქმებისათვის მნიშვნელოვანია ექსპორტიც, რომელმაც ბოლო 5 წელში საშუალოდ რუსეთში 14% შეადგინა.


რუსეთს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ფულადი გზავნილების სტატისტიკაშიც. 2021 წელს ფულადმა გზავნილებმა საქართველოში, რეკორდულ ნიშნულს $2 მილიარდ 349 მილიონს გადააჭარბა. აქედან 17.5%, ანუ $411.3 მილიონი რუსეთიდან გადმოირიცხა. თავიდანვე გაჩნდა მოსაზრება, რომ SWIFT-დან გათიშვა გავლენას გზავნილებზეც მოახდენდა, თუმცა სწრაფ ფულად გზავნილებზე ანუ ანგარიშის გაუხსნელად თანხის გადარიცხვაზე ის პირდაპირ არ აისახება, რადგან გზავნილების დროს არ გამოყენება SWIFT-ის საერთაშორისო სისტემა. შესაბამისად, კლების ნაცვლად მნიშვნელოვნად მოიმატა გადმორიცხვებმა და აპრილში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები წლიურად 298 პროცენტით გაიზარდა, რაოდენობამ კი 132.98 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.


რუსული ბანკების SWIFT სისტემიდან გათიშვის შედეგად, საქართველოს საბანკო სისტემის მომხმარებლები, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის მომხმარებლები, ვეღარ ახერხებენ ამ სისტემით გადარიცხვების განხორციელებას რუსეთის სანქცირებული ბანკების მომხმარებლებთან და მათგან ვერც გადარიცხვების მიღება ხდება. სანქციები, ასევე, დაწესდა რუსული ბანკების VISA და Mastercard საბანკო ბარათებზე. სანქცირებული ბანკების ბარათების მფლობელები ვეღარ განახორციელებენ საბარათე ოპერაციებს - იქნება ეს განაღდება თუ გადახდები. შესაბამისად, ამ ბარათების მფლობელები ვერ იღებენ საბარათე სერვისს საქართველოს საბანკო სისტემაშიც.


შესაბამისად, საქართველოზე პირდაპირი გავლენა მხოლოდ ამ პროცესს ექნება იმდენად, რამდენადაც, დამოკიდებული ვართ რუსეთზე ექსპორტ-იმპორტის კუთხით, თუმცა გამოცდილება ცხადყოფს, რომ 2006-2007 წლებში, როცა 100%-იანი ემბარგო, აკრძალვა დაწესდა საქართველოდან რუსეთში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე, სავალუტო ფონდის 10%-იანი ვარდნის პროგნოზის მიუხედავად 12%-იანი ზრდა მივიღეთ. ეს იმიტომ, რომ სწრაფად მოხდა ალტერნატიული ბაზრების მოძიება, დაჩქარებული პრივატიზაცია, აგრესიული საინვესტიციო პოლიტიკა და ა.შ. შესაბამისად, წარსული გამოცდილება უკვე არსებობს...


ნინო თამაზაშვილი


თეგები:
SWIFT



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up