სურსათის ეროვნული სააგენტო სოციალურ ქსელში გავრცელებულ კალიის ფოტოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, ეს არის კალიის ადგილობრივი ენდემური სახეობა, რომელიც საქართველოში ყოველთვის იყო და არაერთხელ უნახავს მოსახლეობას.
მათივე ინფორმაციით, კალიის ამ სახეობას არ ახასიათებს ჯოგური დაჯგუფება და არ წარმოადგენს საფრთხეს სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის.
„ასეთი სახის ინფორმაციების გავრცელება და საზოგადოებაში დამატებითი პანიკის შექმნა, გაუმართლებელია. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინოს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავოს ეგრეთ წოდებული ფეიკფოტოებისა და ნიუსების გავრცელებისაგან,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.