ქართულ ბაზარზე ყველისა და ჩირის ინოვაციური ნაზავი გამოჩნდა. ახალი ქართული ნუგბარი ჩირითა და ტყლაპით გაზავებულ სულგუნს მოიცავს.
„ჩირჩხელას“ დამფუძნებელი გური სალუქვაძე „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ ახალი პროდუქტი ნატურალურ პასტერიზირებულ რძეზე დამზადებული სულგუნია, რომელიც თუთის, შავი ქლიავის, მანდარინის, ფეიხოას, ლეღვის, ვაშლის, კივისა და ფორთოხლის ჩირებითა და ტყლაპებით იქნება სავსე.
„ერთ-ერთ მიმართულებად სტუმარ-მასპინძლობის სეგმენტი გვაქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს სახელოსნო-მაღაზიაში ხშირად ვაკეთებთ დეგუსტაციას (ეს იქნება ჩირები, ჩურჩხელები, ტყლაპები, ღვინო). ასევე, ყოველთვის გვქონდა განსკაუთრებულად კარგი სულგუნი.
ერთ დეგუსტაციაზე სულგუნში ჩადებული ჩირჩხელების იდეა გაჩნდა. ეს ინოვაციაა, რადგან საფერავითა და თაფლით სულგუნი არსებობს, თუმცა ჩირებით -არა. „ჩირჩხელას“ ჩხირებიანი სულგუნი განსაკუთრებული კიდევ იმით არის, რომ ჩვენი ჩირები ეკოლოგიურად სუფთა, ბიო პროდუქტია, რომელიც ყოველგვარი შაქრისა და დანამატების გარეშე მზადდება“, - განმარტავს გური სალუქვაძე.
„ხმალაძეების ფერმასთან“ კოლაბორაციით „ჩირჩხელას“ ახალი პრიდუქტი უკვე 2-3 კვირაა ბაზარზეა და ქართველი მომხმარებლის მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია.
„მეგობრების რჩევით ხმელაძეების ფერმას დავუკავშირდით. იმდენად მოგვწონა მათი პროდუქცია, ბევრი არც გვიფიქრია და ჩვენი კოლაბორაცია შედგა. ხმალაძეების ფერმამ მარტივად აუღო ალღო ჩვენს ნოვატორულ იდეას და საკმაოდ პროგრესულები აღმოჩნდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ უფროს შვილს საფრანგეთში ყველის ტექნოლოგიის მიმართულებით აქვს განათლება მიღებული, რაც კიდევ უფრო ამტკიცებს მათ პროფესიონალიზმს.
რაც შეეხება დაინტერესებას, საზოგადოებამ ახალი პროდუქტი ძალიან კარგად მიიღო, თავადაც არ ველოდით ასეთ გამოხმაურებას. ამ მიმართულებას დიდი პერსპექტივა აქვს, ექსპერტებმა კი პროდუქტს დიდი მომავალი უწინასწარმეტყველეს“, - აცხადებს გური სალუქვაძე.
ამ ეტაპზე, კომპანია გადაიარაღებისა და წარმოების გაფართოებისთვის მინიმუმ 50 000 აშშ. დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
„ტექნიკა გვაქვს, თუმცა სამუშაო სივრცის გაზრდა ჩვენს მთავარ გეგმად რჩება. გადაიარაღებსა და მასშტაბების გაზრდისთვის სულ ცოტა 50 000 აშშ. დოლარის ინვესტირებას ვაპირებთ. ჯერჯერობით ცალკე ფერმის გაკეთებას არ ვგეგმავთ და „ხმალაძეების ფერმასთან“ კოლაბორაციაში ვრჩებით“, - აღნიშნავს გური სალუქვაძე.
„ჩირჩხელას“ ოჯახური ბიზნესი უკვე 3 წელია რაც მომხმარებელს ქართული ნუგბარის ნაირსახეობას სთავაზობს. მათ ფართო ასორტიმენტში 25-მდე სახეობის ხილისა და ბოსტნეულის ჩირი, 12 სახეობის ტყლაპი და 7 სახეობის ჩურჩხელაა.
ანი ცარციძე