„სტუდია 9“-ის ესკიზური პროექტი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. არქიტექტურული ოფისი მუშაობას მასშტაბურ ზღვისპირა კომპლექსის პროექტზე იწყებს, რომელიც, სავარაუდოდ, ბულგარეთში აშენდება. როგორც „კომერსანტს“ პროექტის ავტორმა და „სტუდია 9“-ს დირექტორმა ზურაბ წიკლაურმა უთხრა, პროექტი 16 ჰა ფართობზე მრავალფუნქციური ურბანული არეალის დაპროექტებას ითვალისწინებს, სადაც მოეწყობა საცხოვრებელი, გასართობი და სასტუმრო ზონები ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით.
„ერთ-ერთი ქართველი ინვესტორი დაგვიკავშირდა და პროექტის კონცეფციის კონკურსში მონაწილეობა შემოგვთავაზა. დარიგდა შესაბამისი მონახაზები, მოცემული იყო ტერიტორია, სავარაუდოდ ბულგარეთი, და პატარა კონკურსი ჩატარდა. როგორც თვითონ დაგვიკავშირდა და გვითხრა, ბიზნესმენთა ჯგუფმა ჩვენი პროექტი აარჩია, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა წარუდგინოს, ჩვენ კი მოლაპარაკების შემდეგ დაგვიბრუნდება. ჯერჯერობით მხოლოდ ეს ინფორმაცია გვაქვს“, - აცხადებს ზურაბ წიკლაური.
შეგახსენებთ, რომ „სტუდია 9“ წარმოადგენს არქიტექტურულ სახელოსნოს, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან არქიტექტურის, ქალაქგეგმარების, ინტერიერის დიზაინის მიმართულებით საქმიანობს. კომპანია თანამშრომლობს როგორც ბიზნეს სექტორთან, ისე კერძო პირებთან და დაპროექტებული აქვს არაერთი ბიზნეს ობიექტი - სასტუმროების, რესტორნების, საზოგადოებრივი და საცხოვრებელი კომპლექსების სახით როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.
ბაჩო ადამია