კონსორციუმი, რომელსაც ჩინური სადაზღვევო ჯგუფი Anbang–ი უდგას სათავეში, მზადაა Starwood Hotels & Resorts–ი 14 მილიარდ დოლარად შეიძინოს.
ინფორმაციას China Daily ავრცელებს და წერს, რომ Anbang–ის წინადადება ერთ აქციაზე $88,66–ის გადახდას გულისხმობს, რაც აღემატება Marriott–ის შეთავაზებას – $79,53–ს აქციაზე.
კომპანია Starwood –ი მსოფლიოში სასტუმროების ერთერთი წამყვანი ქსელია, რომელიც ცნობილ ბრენდებს Westin–სა და Sheraton–ს ფლობს და 100–მდე ქვეყანაში გააჩნია 1300 ობიექტი. მისი თანამშრომლების საერთო რაოდენობა 188 ათას ადამიანს შეადგენს.
Anbang–ი ჩინეთის ერთერთი უმსხვილესი სადაზღვევო ჯგუფია. თავად კომპანიის მონაცემებით, მისი ჯამური აქტივები 250 მილიარდ დოლარს შეადგენს.
შეგახსენებთ: გასული წლის ბოლოს ოტელების ამერიკულმა ქსელმა Marriott International–მა კონკურენტ Starwood Hotels & Resorts–ის შეძენის შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ კომპანიებმა ერთობლივ პრესრელიზში განაცხადეს.
გარიგების განხორციელების შემთხვევაში, რომლის ღირებულებად 12,2 მილიარდი დოლარი სახელდებოდა, მსოფლიოში შეიქმნება სასტუმრო ოპერატორის უმსხვილესი ქსელი 100–ზე მეტ ქვეყანაში.
სასტუმროების ორივე ბრენდი საქართველოშია წარმოდგენილი: Starwood Hotels & Resorts Worldwide, Inc. სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის" მმართველია, ის ასევე ფლობს Le Méridien–ის ბრენდსაც, რომელიც ბათუმი თაუერში კომპანია „რედკოს“ შეყავს.
ქართულ ბაზარზე ასევე მუშაობს „ქორთიარდ მერიოტი“ და „თბილისი მერიოტი.“ ამ ბრენდის სასტუმროს გახსნა იგეგმება ბათუმში.