საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ მომზადებულ ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის რამდენიმე პროგნოზია მოცემული.
დოკუმენტის მიხედვით, მოხმარების ზრდის ზომიერი პროგნოზი 5%-ია, ოპტიმისტური კი - 7%.
ჰესების ოპერირებაში დროული შეყვანის შემთხვევაში, მოხმარების ზრდის ნებისმიერი განხილული სცენარისათვის, 2020-2022 წლების შემდეგ, საქართველოს ენერგოსისტემა აღარ იქნება დამოკიდებული იმპორტულ ელექტროენერგიაზე ან მის გამოსამუშავებლად საჭირო იმპორტულ საწვავზე. მეტიც, მოხმარების ზრდის ნელი ან ზომიერი სცენარის შემთხვევაში, ელექტროენერგიის საექსპორტო სიდიდემ შეიძლება შეადგინოს 6-დან 11 მლრდ კვტ.სთ-მდე წელიწადში.
ჰესების მშენებლობის ზომიერი და პესიმისტური სცენარის შემთხვევაში, მოხმარების ზომიერი ან მაღალი ზრდის შენარჩუნების პირობებში, საქართველოს ენერგოსისტემის დამოკიდებულება მკვეთრად გაიზრდება ელექტროენერგიისა და საწვავის იმპორტზე, დეფიციტმა შეიძლება შეადგინოს 6-დან 12 მლრდ კვტ.სთ-მდე წელიწადში, - წერია სსე-ის სტრატეგიულ დოკუმენტში.
რამდენად გაიზრდება ელექტროენერგიის მოხმარება, ამაზეა დამოკიდებული რამდენი ელექტროსადგურის აშენება, ან რა ოდენობის ელექტროენერგიის იმპორტის განხორციელება მოუწევს საქართველოს.
იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი ელექტროსადგურები დროულად აშენდება, დღეს თუ საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე 4 166 მგვტ-ია, სახელმწიფო ელექტროსისტემაში ვარაუდობენ, რომ 10 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი პრაქტიკულად გაორმაგდება და 8 700 მეგავატს გადააჭარბებს. აქ ჰესების წილი ჯამურ დადგმულ სიმძლავრეში 73%-მდე გაიზრდება, მზის და ქარის ენერგიები კი 10%-ით იქნება წარმოდგენილი ჩვენს ენერგოსისტემაში.
ცნობისთვის: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ მომზადებულ ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში მოცემულია ყველა იმ პერსპექტიული ელექტროსადგურის ნუსხა, რომელიც სხვადასხვა პერიოდში შესაძლოა, ქსელს მიუერთდეს ანუ ექსპლოატაციაში შევიდეს.
მათგან BM.GE-მ ის ობიექტები გამოყო, რომელიც ან გასულ წელს უნდა ამუშავებულიყო ან - მიმდინარე წელს. ამ პერიოდში გადავადებული ობიექტების ჩამონათვალშია: ხელრა, იფარი, მტკვარი, ნაკრა, ქვედი, ზეკარი, ანდეზიტი, ასევე საშუალა ჰესი ერთი და ორი.
ამ პროექტების ნაწილი რამდენიმე თვით, ნაწილი კი, რამდენიმე წლით გადავადდა. მათგან საერთო ჯამში, წლიურად, საქართველო 392 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგიის მიღებას ელოდა.
შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოში 614.101 მლნ კვტ.სთ-ის მოცულობის ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (585.959 მლნ კვტ.სთ) 4.8%-ით მეტია.
2019 წლის პირველ ხუთ თვეში იმპორტი რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელდა. კერძოდ, იანვარ-მაისში რუსეთიდან 74.431 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შემოვიდა, რაც 2018 წლის 5 თვის მაჩვენებელზე (31.177 მლნ კვტ.სთ) 138.7%.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, ამ ქვეყნიდან 2019 წლის იანვარ-მაისში 539.67 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შემოვიდა. ეს რიცხვი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (510.459 მლნ კვტ.სთ) 5.7%-ით მეტია.
BMG