ჩვენ შესანიშნავი პარტნიორები შევიძინეთ, - ამის შესახებ, ციფრული პლატფორმის, SpinCar-ის თანადამფუძნებელმა, მაიკლ ქვიგლმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრისა და ქართული სტარტაპის, Pulsar AI-ის დამფუძნებლების შეხვედრას ვიდეოკონფერენციის ფორმატში, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ესწრებოდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მაიკლ ქვიგლმა ხაზი გაუსვა, რომ SpinCar-ი ინვესტირებას გააგრძელებს საქართველოში Pulsar AI-ის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
„ჩვენ შესანიშნავი პარტნიორები შევიძინეთ. საერთო მომხმარებელმა დაგვაკავშირა ერთმანეთს. აქ ამერიკაში ერთ-ერთი ჩვენი მომხმარებელი ქართველის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირია. ხსენებული კომპანია შეერთებული შტატების იურისდიქციაშია რეგისტრირებული.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამ სტარტაპთან უწყვეტად გვქონდა კონტაქტი. სრულიად აღფრთოვანებული ვართ ქართული კულტურით. პარტნიორობა დავამყარეთ და ინვესტირებას გავაგრძელებთ საქართველოში ამ სტარტაპის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით“, - აღნიშნა SpinCar-ის თანადამფუძნებელმა.