გერმანიაში მიმდინარე თვეში ინფლაცია, ბოლო 29 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალი იყო. ამის შესახებ სტატისტიკის ფედერალური ინსტიტუტის წინასწარი შეფასების ანგარიშში წერია, რასაც Spiegel ავრცელებს.
2020 წლის ნოემბერთან შედარებით, საქონელსა და მომსახურებაზე ფასები 5.2%-ით გაიზარდა, ხოლო ოქტომბერში ზრდამ 4,5% შეადგინა.
ბოლოს ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში 1992 წლის ივნისში დაფიქსირდა, რამაც 5,8% შეადგინა. ამას გერმანიის გაერთიანებით გამოწვეულ „ბუმს“ უკავშირებენ.
ინფლაციის აჩქარების მთავარი ფაქტორი ენერგომატარებლებზე ფასების ზრდაა. გერმანულ ოჯახებს ელექტროენერგიის ღირებულება, შარშანდელ ნოემბერთან შედარებით, 22.1%-ით გაეზარდათ, რაც ასევე, მეტია ოქტომბრის 18.6%-იან და სექტემბრის 14.3%-იანი ზრდის მაჩვენებლებზე.
Spiegel-ის შეფასებით, გერმანიაში რეკორდული ინფლაციის კიდევ ერთი ფაქტორი შესაძლოა, დღგ-ის ნორმალური განაკვეთის დაბრუნება და ნახშირბადის გამონაბოლქვზე წლის დასაწყისში დაწესებული ახალი გადასახადი, ასევე, ზოგიერთი მასალის გლობალური დეფიციტი და მიწოდების ჯაჭვის პრობლემები იყოს.
გამოცემის ცნობით, ნოემბერში ინფლაციის პიკს ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) დირექტორი, იზაბელ შნაბელიც მოელოდა და აცხადებდა, რომ ნოემბერის შემდეგ ინფლაცია თანდათან კლებას დაიწყებს. მისი თქმით, თუ ინფლაცია 2%-ზე მეტ ნიშნულზე დარჩება, ECB რეაგირებას მოახდენს, თუმცა ახლა საპროცენტო განაკვეთების გაზრდა შეცდომა იქნება.
bpn.ge