საქართველოს მასშტაბით 2000-ამდე მინერალური და სამკურნალო წყლის რესურსი არსებობს, რომლებიც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების მოგვარების საუკეთესო და ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებაა. წყალტუბო, შოვი, ახტალა, აბასთუმანი, ურეკი - ეს ის კურორტებია, რომლებიც სპა-ტურიზმის განვითარებისთვის მთავარი რესურსია, თუმცა როგორც „საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ია თაბაგარი „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნავს, ეს მიმართულება ქვეყანაში ძალიან ნაკლებად არის ათვისებული და განვითარებული.
„საქართველოს, როგორც გამაჯანსაღებელი ტურისტულ მხარეს ძირითადად ყოფილი საბჭოთა კავშირისა და მეზობელი ქვეყნები იცნობენ. ეს ისტორიული მეხსიერებიდან გამომდინარეობს. შემდეგ თაობებსაც ბებია-ბაბუებისგან იციან, რომ საქართველო არის დასვენების ქვეყანა. ეს ფაქტორი კარგად არის გამოსაყენებელი,“ - ამბობს ია თაბაგარი.
ია თაბაგარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო გამაჯანსაღებელი რესურსებით მდიდარია, ფაქტობრივად, არ არის კურორტი, რომელიც მაღალი მოთხოვნების მქონე სტუმრებს უმასპინძლებს.
„გვაქვს მხოლოდ რამდენიმე მოწესრიგებული სპა-კოპლექსი და არა კურორტი . თუნდაც ავიღოთ ლოპოტა, ყვარლის ედემი. მაგრამ უპრობლემო კურორტი, რომელიც მზად არის იმისათვის, რომ მაღალი მოთხოვნების მქონე სტუმრებს უმასპინძლოს, არ გვაქვს და ეს არის ყველაზე სამწუხარო საკითხი. „
„საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის აზრით, სპა-კურორტების განუვითარებლობის მთავარი პრობლემა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა. ამასთან მიუხედავად იმისა, რომ კურორტებს გენგეგმები გააჩნია, მათი განვითარება არასწორად ხდება.
„მაგალითად ურეკს გააჩნია გენგეგმა, მაგრამ იგი საერთაშორისო კურორტი ვერ გახდება მანამ, ვიდრე საზღვაო ზოლი არ მოწესრიგდება. სანაპიროს გასწვრივ არის ბეტონის კედლები, რომელიც სამი ოჯახის კერძო საკუთრებაა. ეს არ არის კურორტის სწორი დაგეგმარება. სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს ეს ტერიტორია და ხელახლა დააგეგმაროს. გენგეგმა აქვს ბახმაროსაც. თუ ეს გენგეგმა იქნება დაცული, მაშინ ბახმაროში თავიდანვე არ იქნება შეცდომები დაშვებული, როგორც გომის მთაზე და სხვა კურორტებზე.“
როგორც თაბაგარი აღნიშნავს, თუ კი მსოფლიოში სპა-კურორტთან დაკავშირებით რამე რეკრეაციული მოთხოვნა არსებობს, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერია და ამის არგამოყენება დიდი დანაშაულია.
მარიამ მორგოშია