„საგანგებო რეჟიმში ჩვენ უკვე ვცხოვრობთ და ეს ურტყამს ადამიანების ყოველდღიურობას, ბიზნესს. თუმცა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე დღეს არ მივსულვართ, თუმცა არ გამოვრიცხავ რომ ამის გამოცხადება საჭირო გახდეს, თუნდაც 24 ან 48 საათში“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია, რომ საგანგებო მდგომარეობა, როცა მისი გამოცხადება გახდება საჭირო არ იყოს ხანგრძლივი. „სწორედ ამიტომ გავწელეთ ეს შეკავების ეტაპი, მანამ ამის შესაძლებლობას გვაძლევდა ბუნება და ადამიანური რესურსები“, - აღნიშნა სუბარმა.
საქართველოში კორონავირუსი 43 ადამიანს დაუდასტურდა.. მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge