სოსო ფხაკაძე – სხვადასხვა ტიპის რეგულაციები, რომელებიც ზოგ შემთხვევებში სწრაფი ტემპებით ამოქმედდება, პრობლემას უქმნის ბიზნესს

სოსო ფხაკაძე – სხვადასხვა ტიპის რეგულაციები, რომელებიც ზოგ შემთხვევებში სწრაფი ტემპებით ამოქმედდება, პრობლემას უქმნის ბიზნესს

access_time2020-02-16 10:00:18

”შრომის კოდექსი დამსაქმებლებს ისეთ ტვირთს უწესებდა, რაც უარყოფითად აისახებოდა, როგორც დასაქმების მაჩვენებელზე, ასევე სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ფასებზე”


ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობა, ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო, ახალი რეფორმები და კანონპროექტები, რომლებსაც ხელისუფლების წარმომადგენლები იღებენ – ეს ის საკითხებია, რაზეც მსჯელობა მუდმივად მიმდინარეობს, ხოლო მათ შესაფასებლად აუცილებელია ის ადამიანი, რომელსაც ბიზნესის მაჯისცემა მუდმივად ესმის.


შესაბამისად, სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ”ბანკები და ფინანსებს” ”ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი, ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი, სოსო ფხაკაძე ესაუბრა.


– თქვენი შეფასებით, რამდენად აქტიური და ეფექტურია ბიზნესისა და მთავრობის კომუნიკაცია? სამთავრობო გუნდის მხრიდან, ხდება თუ არა იმ საკითხების გათვალისწინება, გადაწყვეტა, რაც ბიზნესს სხვადასხვა მიმართულებით აწუხებს?


– საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყოველთვის აქტიურ და მჭიდრო კომუნიკაციაშია როგორც მთავრობასთან, ასევე საკანონმდებლო ორგანოსთან. ასოციაციის უპირველესი მიზანია, მიიტანოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ინფორმაცია ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წინაშე არსებული სირთულეების შესახებ. რეფორმების დაგეგმვისა და განხორციელებისას, ასევე ცალკეული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გაუზიაროს ბიზნესის თვალით დანახული რისკები და მიაწოდოს ინფორმაცია იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც არსებობს ზოგადად ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა თუ ბიზნესის ცალკეული დარგების განვითარებისათვის.


ბუნებრივია, რომ კარგი და ეფექტური კომუნიკაციის არსებობა არ ნიშნავს ყოველთვის ბიზნესის სასარგებლო გადაწყვეტილებებს. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ამ კომუნიკაციის პროცესში ბიზნესის ობიექტური და სამართლიანი არგუმენტები ძირითადად სათანადოდაა შეფასებული და ასახული საბოლოო გადაწყვეტილებებში.


– რამდენიმე დღის წინ გაიმართა ინვესტორთა საბჭოს პირველი შეკრება, რომელსაც თქვენც ესწრებოდით. როგორ შეაფასებდით აღნიშნული საბჭოს არსებობას, შესაძლებელია თუ არა მსგავს ფორმატში სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით რეალური ნაბიჯების გადადგმა?


– ინვესტორთა საბჭო ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია ბიზნესისთვის; ესაა პლატფორმა, სადაც ბიზნეს გაერთიანებებს შეუძლიათ მთავრობასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან ერთად უმაღლეს დონეზე, ღიად და გამჭვირვალედ იმსჯელონ როგორც პრობლემებზე, ასევე შესაძლებლობებზე და დასახონ საინვესტიციო გარემოს მუდმივი გაუმჯობესების გზები.


– თქვენ არაერთხელ ისაუბრეთ შრომის კოდექსთან დაკავშირებით და განაცხადეთ, რომ ეს კანონპროექტი დასახვეწია. კონკრეტულად რა შენიშვნები გაქვთ და რა მიმართულებითაა არსებული კანონმდებლობა გასაუმჯობესებელი?


– გასული წლის ბოლოს ბიზნესმა იხილა შრომის კოდექსში ცვლილებების კიდევ ერთ კანონპროექტი, რასაც მოჰყვა ჩვენი ასოციაციის მხრიდან, მე ვფიქრობ, სამართლიანი, ზედმიწევნით არგუმენტირებული და პროფესიული კრიტიკა.


ჩვენ კარგად გავაანალიზეთ შემუშავებული კანონპროექტი, შევისწავლეთ ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აქტები და სწორედ ამის შემდეგ მივედით დასკვნამდე, რომ ცვლილებების ნაწილი არათუ ასახავდა ევროკავშირის დირექტივებისა და შრომის საერთაშორისო კონვენციების დებულებებს, არამედ ბევრად სცდებოდა მათ მოთხოვნებს და დამსაქმებლებს ისეთ ტვირთს უწესებდა, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახებოდა, როგორც ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებელზე, ასევე სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ფასებზე.


რასაკვირველია, იმ კანონპროექტში იყო საკითხებიც, რომლებზეც დასაქმებულები და დამსაქმებლები ვთანხმდებოდით, მათ შორის, მაგალითად შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის მიუღებლობა, დამატებითი გარანტიები ახალშობილთა მშობლებისა და ორსული ქალბატონებისთვის, მასობრივი დათხოვნებისთვის დამატებითი სტანდარტების დაწესება და ა.შ.



ვფიქრობ, ჩვენ დავუახლოვდებით არათუ საერთაშორისო აქტებით განსაზღვრულ მინიმალურ სტანდარტებს, არამედ განვითარებული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასა და სტანდარტებსაც შრომით ურთიერთობებში, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად, გააზრებულად და რასაკვირველია ეკონომიკური ზრდისა და სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრების დინამიკის პროპორციულად.


– ამერიკელმა კონგრესმენებმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას რამდენიმე წერილი გამოუგზავნეს, სადაც სხვადასხვა პრობლემატურ საკითხთან ერთად საუბარი იყო ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუარესებაზე. რამდენად ეთანხმებით აღნიშნულ მოსაზრებას და რეალურად როგორია ბიზნესგარემო ქვეყანაში?


– დავიწყოთ იქიდან, რომ ბიზნესი, ბუნებრივია, თვალს ადევნებს მიმდინარე მოვლენებს და ეს საკითხიც არ დარჩენილა ჩვენი ყურადღების მიღმა, მით უმეტეს, რომ საქმე ეხება ჩვენს უმნიშვნელოვანეს, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას და დარწმუნებული ვარ, ამას ხელისუფლება ბიზნესზე კიდევ უფრო კარგად აცნობიერებს.


საკითხს ჩვენ ასე ვუყურებთ – ის, რომ ჩვენს მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს მსგავსი განცდა გაუჩნდათ, რაც შემდგომში მათ წერილში აისახა, თავისთავად უკვე მიანიშნებს იმაზე რომ ძალიან აქტიური მუშაობაა საჭირო უმაღლეს დონეზე.


რამდენად საფუძვლიანია კონკრეტული კომპანიის პრეტენზიები ქვეყანასთან და პირიქით – ამ დავის დეტალურ განხილვაში ბუნებრივია მე ვერ შევალ, რადგან ხშირ შემთხვევებში, ობიექტური დასკვნების გასაკეთებლად მხოლოდ ის ინფორმაცია არაა საკმარისი, რაც საჯარო წყაროებით ვრცელდება და დარწმუნებული ვარ, დავა საერთაშორისო დონეზე სრულიად ობიექტურად, კითხვის ნიშნების გარეშე გადაწყდება.


თუ ზოგადად ბიზნეს გარემოზე ვისაუბრებთ, მოდით ობიექტურად ვთქვათ: საქართველოს მართლაც უაღრესად მდიდარი და საინტერესო ისტორია აქვს. მაგრამ, საქართველოს როგორც საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანა, აქედან გამომდინარე ყველა მახასიათებლით, საკმაოდ ახალგაზრდა სახელმწიფოა. ჩვენს ქვეყანაში ბიზნესგარემო ჯერ-ჯერობით არასოდეს ყოფილა საუკეთესო, მაგრამ ჩვენ მუდმივად წინ მივდივართ. წლიდან წლამდე ბიზნესს არაერთ გამოწვევასთან უწევდა, უწევს და კვლავაც მოუწევს გამკლავება, დაწყებული საგარეო ფაქტორებიდან და დამთავრებული საშინაო, ყველაზე წვრილმანი ბიუროკრატიული ბარიერებით.


– თქვენ, როგორც ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელს მუდმივი შეხვედრები გაქვთ ქართული ბიზნესის წარმომადგენლებთან. ამიტომ იქნებ გვითხრათ, რა მთავარი პრობლემები და გამოწვევებია დღეს ბიზნესისთვის ქვეყანაში და რა მიმართულებითაა საჭირო სახელმწიფოსგან დამატებითი ხელშეწყობა?


– გამოწვევები ბიზნესს რასაკვირველია აქვს. ბიზნესის ცალკეული დარგებისთვის, ან თუნდაც ცალკეული კომპანიებისთვის ეს გამოწვევები შეიძლება სხვადასხვა ხასიათისა იყოს, თუმცაღა არის საერთო პრობლემები, რომლებიც ყველას აწუხებს. მაგალიათად, როგორც ეს ასოციაციის შიგნით არაერთმა კვლევამაც აჩვენა, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა ბოლო წლებში ლარის კურსია. ლარის გაუფასურება, ერთის მხრივ, იწვევს მომხმარებლის მსყიდველუნარიანობის დაქვეითებას, კომპანიების მოგების შემცირებას და სხვა, და მეორეს მხრივ, ხელს უშლის განვითარების დაგეგმვას, ანუ მომავლის განჭვრეტადობას რაც, მოგეხსენებათ, ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.


აუცილებლად ხაზგასასმელია ასევე სხვადასხვა ტიპის რეგულაციები, რომელთა, ზოგ შემთხვევებში, სწრაფი ტემპებით ამოქმედება პრობლემას უქმნის ბიზნესს. ბიზნესის საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ არის შემთხვევები, როდესაც ნაადრევი და ერთგვარად გადაჭარბებული იყო ესა თუ ის რეგულაცია, რამაც ბიზნესისთვის დამატებითი შეფერხებები მოიტანა.


ყველა ამ და სხვა ტიპის პრობლემაზე ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ ხელისუფლებასთან, ვცდილობთ ყოველთვის გვქონდეს მათთან არგუმენტირებული, ობიექტური და სამართლიანი დიალოგი, რაც იმედს გვაძლევს, რომ პრობლემების ნაწილი ეტაპობრივად იქნება დაძლეული.


– აუცილებლად უნდა შევეხო ქართულ სასამართლო სისტემას. როგორი მდგომარეობაა ბიზნესდავების მიმართულებით, ხომ არ ხდება სასამართლო პროცესების დროში გაჭიანურება, რაც ბიზნესისთვის ყოველთვის პრობლემატური საკითხია?


– სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის შეიძლება იყოს მოსამართლეთა რაოდენობის ზრდა, წვრილმანი დავებისგან სასამართლოს განტვირთვა და საერთო სასამართლოების სისტემაში კომერციული პალატების ჩამოყალიბება, რაც გარკვეული კატეგორიის ბიზნეს დავების სწრაფ და მაღალკვალიფიციურ გადაჭრას უზრუნველყოფს.


– რადგან სასამართლო სისტემას შევეხეთ აქვე გკითხავთ, რამდენად საჭიროა ეფექტური არბიტრაჟის არსებობა ქვეყანაში და შეძლებდა თუ არა იგი მოეგვარებინა ის პრობლემები რაც დღეს სასამართლოში გაჭედილი ბიზნესდავების შედეგად იქმნება?


– თანამედროვე, განვითარებული და სანდო საარბიტრაჟო დაწესებულებები არა მხოლოდ სასამართლო სისტემის, არამედ მთლიანად ქვეყნის სტაბილური საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებისთვის არის მნიშვნელოვანი.


მეორეს მხრივ, არბიტრაჟი ვერ განვითარდება სასამართლო სისტემის, მისი მხარდაჭერის გარეშე და ჩვენ ამ მიმართულებითაც ბევრი გვაქვს სამუშაო.


არბიტრაჟი ვერ იქნება პანაცეა სასამართლოს დავებისგან განტვირთვის მიზნებისათვის, მაგრამ მას, დავების გადაწყვეტის სხვა ალტერნატიულ მექანიზმებთან ერთად, შეუძლია გარკვეულწილად შეუმსუბუქოს საქმე საერთო სასამართლოებს.


– ბოლო პერიოდში, ქართულმა კომპანიებმა ადგილობრივ საფონდო ბაზარზე დაიწყეს ფასიანი ქაღალდების გამოშვება. შესაბამისად, აუცილებელია თუ არა ადგილობრივი საფონდო ბირჟის განვითარება და რამდენად ეფექტურია მისი დღევანდელი სახით არსებობა?


– ფინანსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა ხშირად სახელდება ჩვენი ბიზნესის განვითარების შემაფერხებელ გარემოებად და სწორედ აქაა ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისათვის ძალიან დიდი სივრცე, შესაძლებლობები.


დღეისათვის მიმდინარეობს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი საკანონმდებლო ჩარჩოს რეფორმა, მიმდინარეობს მუშაობა მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის პროექტზე, სულ უფრო იზრდება კომპანიების მართვის კულტურა და ცნობიერება საფონდო ბირჟის მიმართ და იზრდება მათი ჩართულობაც ამ კუთხით. დარწმუნებული ვარ, საერთო ჯამში ეს ყველაფერი აუცილებლად მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე. ეს კი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ ქვეყნის სტაბილური და მდგრადი განვითარებისა და მისი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისათვის.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“






საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა
access_time2020-04-04 22:31:55
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ...

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს
access_time2020-04-04 16:25:37
...

15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო
access_time2020-04-04 20:00:09
მსოფლიოში 15 ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიაა. მათგან 12 კორონავირუსის პანდემიის პასუხად საჯარო ღვთისმსახურებებს ერისკაცთა გარეშე, დახურულ კარს მიღმა აღასრულებს. 1-ის, სერბეთის ეკლესიის პოზიცია ბუნდოვანია - მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილი ეპისკოპოსის, მილუტინის წესის აგებას მრევლი არ ესწრებოდა. 2-ის - საქართველოსა და პოლონეთის ეკლესიები ერისკაცებისთვის ღვთისმსახურებებს არ ხურავენ და არც ზიარების წესს ცვლიან. ხსენებული პრევენციული ზომით პანდემიის...

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-04-04 12:58:05
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ​თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჟურნალისტებს...

უცხოური მედია: ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა

უცხოური მედია: ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა
access_time2020-04-04 12:20:41
  ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება და შედეგად, მიიღო ზომები, რამაც დადებითი შედეგები მოუტანა შესაბამის ქვეყნებს. ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მხრიდან ამ ადრე რეაგირებას და მტკიცე გადაწყვეტილებას, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უდიდესი შეფასება მისცა, მოჰყვა ადრეულ ეტაპზე ყველა ხალხმრავალი სპორტული და კულტურული...


მსგავსი სიახლეები

up