საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) პრეზიდენტის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ჭირაქაძემ თანამდებობა დატოვა. ამჟამად, ასოციაციის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე ასრულებს.
„კომერსანტი“ დაინტერესდა რეალურად, როგორ აფასებენ ასოციაციის წევრი ბიზნესმენები გიორგი ჭირაქაძის BAG-ში საქმიანობის 10- წლიან პერიოდს, მხარს დაუჭერენ თუ არა სამეთვალყურეო საბჭოზე სოსო ფხაკაძის კანდიდატურას პრეზიდენტის პოსტზე და საჭიროებს თუ არა BAG-ის მიდგომები შეცვლა-/განახლებას?
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის ლაშა პაპაშვილის განმარტებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წესდების შესაბამისად, ასოციაციის პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებებს სრულად ახორციელებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი, ესაა სოსო ფხაკაძე, რომელიც 2017 წელს არჩეულია საერთო ყრილობის მიერ 4 წლის ვადით,აქედან გამომდინარე, პაპაშვილი განმარტავს, რომ ფხაკაძე ახლა პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს.
კითხვაზე, როდისთვის შეიკრიბება სამეთვალყურეო საბჭო და როდის მოხდება ახალი პრეზიდენტის ოფიციალურად დამტკიცება, პაპაშვილი გვპასუხობს, რომ უცნობია, რადგან სოსო ფხაკაძე არჩეულია, არავის დაუნიშნავს. „ის აირჩიეს პირველ ვიცე-პრეზიდენტად როცა არჩევნები იყო. ამიტომ, გვყავს არა დანიშნული, არამედ არჩეული პრეზიდენტი,“- აცხადებს პაპაშვილი.
„ლუკოილის“ გენერალური დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშველაძე აცხადებს, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის შექმნა ათიოდე წლის წინ დაიწყო. ეს პროცესი გიორგი ჭირაქაძესთან და სოსო ფხაკაძესთან იყო დაკავშირებული.
„რაც შეეხება შედეგებს, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი - თავისი მასშტაბით, ის სტრუქტურა, რომელიც ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა, დღეს 70-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს და მისი წვლილი ქვეყნის ფინანსურ მდგრადობაში უზარმაზარია,“— აცხადებს მიშველაძე.
კითხვაზე, ხომ არ არის განხილვაში ბიზნეს ასოციაციის პოსტზე სოსო ფხაკაძის გარდა სხვა კანდიდატურა, მიშველაძე განმარტავს, რომ ამას წყვეტს სამეთვალყურეო საბჭო ასოციაციის წევრებთან ერთად. თუმცა, მისივე ინფორმაციით, ამაზე დღემდე ფართო მსჯელობა არ ყოფილა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, კომპანია ლილო მოლის“ გენერალური დირექტორის გიორგი კვარაცხელიას შეფასებით, ამ დროისთვის გადაწყვეტილი არ არის ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე იქნება თუ სხვა ვინმე. მისი ინფორმაციით, სავარაუდოდ, მოხდება ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს მოწვევა და ეს საკითხი განიხილება.
რაც შეეხება ჭირაქაძის 10-წლიან პრეზიდენტობას, „ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი გიორგი კვარაცხელია დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტი ძირითად ყურადღებას საკანონმდებლო ცვლილებებს უთმობდა, რაც ძალიან კარგია.
„დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება. ფხაკაძეც გადასარევი პიროვნებაა. ჩვენთან ყველა წევრი მნიშვნელოვანია. ფხაკაძის გარდა თუ ვინმე დააყენებს საკუთარ კანდიდატურას, მხარს დავუჭერთ,“-აღნიშნავს კვარაცხელია.
BAG-ის პრეზიდენტის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ჭირაქაძემ თანამდებობა დატოვა. BAG-ის წევრებისთვის დაგზავნილი წერილის და შემდეგ უკვე ასოციაციის მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებიდან კი, ცნობილი გახდა, რომ ჭირაქაძეს BAG-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე ჩაანაცვლებდა.
თავის მხრივ, BAG-ის წევრი ზოგიერთი კომპანიის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ისინი რიგგარეშე არჩევნებს ელოდებიან.
სოფო ქსოვრელი