გასულ ზაფხულს, „სონიმ“ კომპაქტური და ტანსაცმლის ქვეშ დასამალი კონდიციონერის კონცეპტი წარადგინა, ახლა კი უკვე მისი ყიდვა შეგვიძლია. მოწყობილობა, სახელად Reon Pocket სპეციალური მაისურისა და აპლიკაციის დახმარებით მუშაობს, მისით სარგებლობა კი ასე იწყება – ჯერ იცვამთ მაისურს, რომელსაც ზურგზე Reon Pocket-ისთვის განკუთვნილი პატარა ჯიბე აქვს. მოწყობილობას, რომელიც ვიზუალურად, კომპიუტერის მომცრო მაუსს მოგაგონებთ, მაისურის ჯიბეში დებთ. ასე, Reon Pocket თქვენს ზურგზე, კეფის ქვეშ, ზუსტად შუაშია განთავსებული, მოწყობილობის მართვა კი სმარტფონში გადმოწერილი სპეციალური აპლიკაციის დახმარებით ხდება. მართვაში ვგულისხმობთ იმას, რომ აპლიკაციით თქვენ შეგიძლიათ არეგულიროთ, რა ტემპერატურამდე გინდათ გაგრილება, ან გათბობა. დიახ, გათბობაც, რადგან Reon Pocket მხოლოდ ზაფხულისთვის როდია შექმნილი, მისი ტარება შეგიძლიათ როგორც ზაფხულის ცხელ დღეებში, გასაგრილებლად, ასევე, ზამთრის სუსხში – გასათბობად. (მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელის წარმოდგენა, ამ სიცხეში, ალბათ, რთულია).
გარდა იმისა, რომ Reon Pocket-ის ტემპერატურის რეგულირება შეგიძლიათ, მას ასევე აქვს ავტომატური რეჟიმიც, რომლის ფარგლებშიც მოწყობილობა ტემპერატურისა და მოძრაობის სენსორებს იყენებს. ასე, პატარა კონდიციონერი ახერხებს მოარგოს მის მიერ გამოყოფილი ტემპერატურა თქვენს გარემოსა თუ აქტივობას.
უნდა აღინიშნოს, რომ Reon Pocket არ არის მოწყობილობა, რომლის ტარებაც (ყოველ შემთხვევაში, ჩართულ მდგომარეობაში), მთელი დღე შეგიძლიათ. მისი კომპაქტურობისგან გამომდინარე, მისი ელემენტიც მომცროა და სრულ დამუხტვაზე, მუშა მდგომარეობაში, 2-დან 4 საათამდე გაგიძლებთ. რა თქმა უნდა, გამძლეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რეჟიმი გაქვთ ჩართული და რამდენ ენერგიას მოიხმარს მოწყობილობა ამ კონკრეტულ რეჟიმში მუშაობისას. რაც შეეხება მოწყობილობის სრულ დამუხტვას, ამას, დაახლოებით, 2 საათი სჭირდება. Reon Pocket-ის სამართავად შექმნილი აპლიკაცია კი ხელმისაწვდომია როგორც iOS-ის, ასევე Android-ის მომხმარებელთათვის.
გასულ ზაფხულს, Sony Reon Pocket-ის ორ ვერსიაზე საუბრობდა, თუმცა, როგორც ჩანს, წარმოების ეტაპამდე მხოლოდ ერთი მოვიდა. ის ახლა Sony-ს ონლაინ მაღაზიაშია ხელმისაწვდომი, სადაც მისი ფასი 120 დოლარია. ამ ეტაპზე, Reon Pocket-ის ყიდვა Amazon Japan-ზეც შეიძლება, სადაც მოწყობილობა 160 დოლარამდე ღირს.
marketer.ge