სომხეთში, შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთხელ გამოაცხადონ. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 10 ათასს გადააჭარბა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ შეზღუდვების განახლება ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გამწვავებას გამოიწვევს, თუმცა თუ ინფიცირების დინამიკა შენარჩუნდება, ქვეყნის ხელისუფლება აქამდე არსებულ შეზღუდვებს აღადგენს.
„ჩვენ გვაქვს მხოლოდ 1-3 დღე იმისთვის, რომ ქვეყანაში ვითარება თვისებრივად შეიცვალოს“ - აცხადებს ფაშინიანი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი თავად სომხეთის პრემიერმინისტრსა და მის ოჯახსაც დაუდასტურდა.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში ვირუსი 10 009 ადამიანს დაუდგინდა, 3 427 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 158 კი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Imedinews.ge