სომხეთის პრემიერი საქართველოში - მეზობლები რუსეთის ინტერესების ჭრილში და „სახიფათო გეგმები“

სომხეთის პრემიერი საქართველოში - მეზობლები რუსეთის ინტერესების ჭრილში და „სახიფათო გეგმები“

access_time2017-02-24 09:45:35

23 თებერვალს საქართველოში დაიწყო სომხეთის პრემიერ-მინისტრის, კარენ კარაპეტიანის, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი. სომხეთის მთავრობის მეთაურს, რომელიც ახლო წარსულში რუსეთის „გაზპრომის" სტრუქტურებში მაღალ პოსტებს იკავებდა, თავისი ქართველი კოლეგა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მასპინძლობს.


ხუთშაბათს გამართული შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს. ითქვა, რომ სომხეთის სამთავრობო დელეგაცია საქართველოში ახალი იდეებით ჩამოვიდა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ. ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ სომხეთის ინტერესზე, შექმნას მტკიცე სატრანსპორტო დერეფანი რუსეთთან, რაც საფრთხილო საკითხს წარმოადგენს საქართველოსთვის. „საქართველოსა და სომხეთს აქვთ მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობა და ჩვენი მომავალი ურთიერთობები ამ საუკეთესო ტრადიციებზე უნდა ავაშენოთ", - განაცხადა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა პირისპირ შეხვედრის დროს საჯარო გაშუქებისთვის განკუთვნილ ნაწილში და კარენ კარაპეტიანს წარმატებები უსურვა სომხეთის განვითარების პროცესში. თავის მხრივ, კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და დიდ სამომავლო პერსპექტივებზე ილაპარაკა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და იმასაც გაუსვა ხაზი, რომ თბილისში ხელცარიელი არ ჩამოსულა  „სომხურ-ქართული ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან დიდი პერსპექტივები. ჩვენ გარკვეული იდეებით ჩამოვედით და სიამოვნებით განვიხილავთ მათ თქვენთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეხვედრა შედეგიანი და ნაყოფიერი იქნება. დიდი მადლობა ჩვენი დელეგაციის თბილი მიღებისთვის".

 

თუ რას ითვალისწინებს სომხეთიდან თბილისში ჩამოტანილი ახალი იდეები, ამის დეტალები არც პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დაუკონკრეტებიათ. უბრალოდ ითქვა, რომ კარენ კარაპეტიანს ჰქონდა „საინტერესო შემოთავაზებები ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ერთიანი ბაზრის პოტენციალის ათვისებისა და კოოპერაციის შესახებ" და რომ საქართველო დაინტერესდა ამ საკითხით. ითქვა ასევე, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ასათვისებელი პოტენციალი მასშტაბურია და პირისპირ თუ გაფართოებული ფორმატის ფარგლებში განხილულ იქნა სამომავლო პერსპექტივები სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკის, ტურიზმისა და კულტურის მიმართულებებით.

 

საქართველოსა და სომხეთის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებზე ბევრს ლაპარაკობენ ექსპერტებიც. მათთვის ცხადია, რომ ორ ქვეყანას ერთმანეთის მშვიდობა და სტაბილურობა აძლევს ხელს და ეს არის ის, რაც აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აუცილებელი წინაპირობაა. თუმცა როცა მეზობელი ქვეყნების კარგ ურთიერთობებზე ლაპარაკობენ, ანალიტიკოსები ახსენებენ ორ ქვეყანას შორის არსებულ პრინციპულ განსხვავებებსაც, რაც მაგალითად, გამოიხატება სომხეთის აქტიურ სამხედრო თანამშრომლობაში რუსეთთან, მაშინ როცა საქართველოსთვის რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა.

 

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე ლაპარაკობს სომხეთზე, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ ქვეყანაზე, რომელიც, საქართველოსგან განსხვავებით, ევროპის ნაცვლად, რუსეთის ინტერესების გზას დაადგა: „სომხეთს დიდი სურვილი ჰქონდა, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობა გაეგრძელებინა და თავისებური „სომხური ოცნება" იყო, რომ სომხეთი ეკონომიკურად და პოლიტიკურად ყოფილიყო დაკავშირებული ევროკავშირთან, ხოლო სამხედრო უსაფრთხოება მიეღო რუსეთისგან - მის დაპირისპირებაში აზერბაიჯანთან და ნაწილობრივ - თურქეთთან, მაგრამ პუტინმა, ყველას კარგად გვახსოვს, უკანასკნელ მომენტში სომხეთი რეალურად აიძულა შესულიყო ევრაზიულ კავშირში".



იმის გამო, რომ სომხეთზე რუსეთის ზეგავლენა დიდია, მალხაზ მაცაბერიძე საქართველოსთვის ხედავს სიფრთხილისა და წინდახედულობის გამოჩენის აუცილებლობას, მოლაპარაკებებისას სომხეთის მიზნების ჭრილში შეიქმნას მტკიცე სატრანსპორტო დერეფანი რუსეთთან. ანალიტიკოსი ლაპარაკობს, ერთი მხრივ, ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელ რკინიგზაზე, რაც ბოლო პერიოდში ხშირად გამხდარა მწვავე შიდაპოლიტიკური დაპირისპირების საგანი და ამ პროექტის გარშემო მოლაპარაკებების დაწყებას კატეგორიულად გამორიცხავს თბილისი, და, მეორე მხრივ, მაცაბერიძე ყურადღებას ამახვილებს როკის გვირაბის ამოქმედებასა და ტვირთებისთვის ცხინვალის რეგიონზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის გახსნაზე. ანალიტიკოსის ხედვით, ეს იდეა საქართველოს ინტერესებისთვის სახიფათოდ გამოიყურება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის განზრახვის ფონზე, რომ შეუცვალოს სახელი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიას და დაარქვას მას „რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი - სახელმწიფო ალანია", ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიული ერთეულის მსგავსად, რათა საბოლოოდ დაიმკვიდროს ადგილი რუსეთის ფედერაციაში.

 

იმის გამო, რომ სომხეთი იძულებულია ანგარიში გაუწიოს თავისი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, რუსეთის, ინტერესებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგება პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე. როგორც იგი ამბობს, იმისათვის, რომ არ გაგრძელდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოდან ჩამოცილების პროცესი, გამოყენებულ უნდა იქნეს ერთადერთი კანონიერი მარშრუტი: „არსებობს ერთადერთი ლეგიტიმური საზღვარი ზემო ლარსში და, შესაბამისად, სომხეთი რუსეთიდან იღებს ტვირთს სწორედ ზემო ლარსის გავლით და ამავე გზით ახორციელებს ექსპორტს. მხოლოდ და მხოლოდ აღნიშნულმა სასაზღვრო და საბაჟო პუნქტმა უნდა იფუნქციოს რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებში, სადაც საქართველო თამაშობს სატრანზიტო ქვეყნის როლს. ამიტომაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არავითარი რკინიგზის გახსნა აფხაზეთის ტერიტორიის გავლით და ქართულმა მხარემ არ უნდა დაუშვას, ასევე, საავტომობილო მიმოსვლა როკის გვირაბის გავლით".


სავაჭრო-ეკონომიკური მიზნებისთვის ზემო ლარსის ალტერნატიული მარშრუტების ამოქმედება სომხეთისთვის მნიშვნელოვან საკითხს რომ წარმოადგენს, ეს ცხადია სომხეთის სახელმწიფო მართვის აკადემიის რეგიონალური კვლევების ცენტრის წარმომადგენელ ჯონი მელიკიანისთვისაც, თუმცა, როგორც მან თქვა, ჯერ პირი არ უჩანს რუსეთსა და საქართველოს შორის 2011 წელს ხელმოწერილ შეთანხმებას საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ, რომლის წყალობითაც რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი გახდა. ამ შეთანხმების მიხედვით, აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონსა და რუსეთს შორის მოძრავი ტვირთები ნეიტრალურმა კომპანიამ უნდა გააკონტროლოს. შეთანხმებით გათვალისწინებული საბაჟო ზედამხედველობა სამ "სავაჭრო დერეფანზე" უნდა გავრცელდეს. ეს დერეფნები მოიცავს აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონსა და ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტს. უშუალოდ მონიტორინგი "სავაჭრო კორიდორების" საწყის და ბოლო პუნქტებზე განხორციელდება და, ამგვარად, მონიტორები სეპარატისტულ რეგიონებში არ შევლენ. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა შვეიცარიულ კომპანიასთან.

 

დაბოლოს, ცოტა რამ კარენ კარაპეტიანის შესახებ. სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი მან 2016 წლის სექტემბერში დაიკავა. ანალიტიკოსებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ სომხეთის ახალი პრემიერი რუსეთის ენერგოკომპანია „გაზპრომის" ხელმძღვანელობის ყოფილი წევრი იყო და „გაზპრომის" სტრუქტურებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა.

 

„რადიო თავისუფლება“



შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...


მსგავსი სიახლეები

up