სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა თურქულ სააგენტო ანადოლუსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობისა და საზღვრის გახსნისთვის.
„სომხეთი მზადაა, დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები თურქეთთან და საზღვარიც გახსნას. მოხარული ვარ ჩემი თურქი კოლეგის ნათქვამია, რომ არსებობს პოლიტიკური ნება ამ მიზნისკენ პროცესის წასაყვანად. მიმაჩნია, რომ უყოყმანოდ უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ამ სწრაფად ცვალებად სამყაროში“, – განაცხადა მირზოიანმა.
მისივე თქმით, სომეხი ხალხი თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მომხრეა.
„მთლიანობაში, სომეხი ხალხი თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მომხრეა. ეს საზოგადოებრივ აზრზეც აისახება. რა თქმა უნდა, სომხეთშიც და თურქეთშიც არიან ჯგუფები, რომლებიც ამ პროცესს სკეპტიკურად უყურებენ. თანამდებობის პირებმა ორივე მხრიდან უნდა ვითავოთ პოლიტიკური ლიდერობა ამ პრობლემების გადასაჭრელად“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.
ანტალიაში გამართული დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში მირზოიანისა და ჩავუშოღლუს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თურქმა მინისტრმა კონსტრუქციული და სასარგებლო უწოდა.