ამერიკული ბიოტექნოლოგიური სტარტაპი, MycoWorks კომპანია Hermès-ის ხელჩანთებისთვის სოკოს ტყავს ამზადებს. პორტალ TechCrunch-ის ცნობით, სტარტაპმა 125 მლნ დოლარის ინვესტიცია დააგროვა. საინვესტიციო კომპანიებს შორის არის Prime Movers Lab და SK Capital Partners.
MycoWorks მიზიდულ თანხას ქარხნის ასაშენებლად გამოიყენებს, რომელიც ალტერნატიულ ტყავს მასობრივად აწარმოებს. მშენებლობის დასრულება ერთ წელიწადში იგეგმება. ასევე, გაფართოვდება პერსონალი, ხოლო ტექნოლოგიის განვითარების მიზნით სამეცნიერო კვლევები ჩატარდება.
სტარტაპს საპილოტე წარმოება კალიფორნიაში აქვს. MycoWorks-ის აღმასრულებელი დირექტორი, მეტ სკულინი ამბობს, რომ კომპანია პრემიუმ ბრენდებზე არის ორიენტირებული, მაგრამ მზად არის, თავისი ასორტიმენტი მასობრივ ბაზარზე გააფართოვოს. MycoWorks-მა საერთაშორისო ბრენდებთან არაერთი კონტრაქტი უკვე გააფორმა, ხოლო ფრანგულ მოდის სახლ Hermès-სთან ხელშეკრულებას 2021 წლის გაზაფხულზე მოეწერა ხელი.
ამ თანამშრომლობის შედეგად, Victoria-სკლასიკური ჩანთა შეიქმნა. მასში ნატურალურ ტყავთან ერთად, Sylvania-ს მასალა გამოიყენება, რომელიც რეიშის სოკოს მიცელიუმის ძაფებისგან არის დამზადებული. მიცელიუმი სოკოს ვეგეტატიური სხეულია, რომელიც წვრილი, ერთმანეთში გადახლართული ძაფებისაგან შედგება.
სოკოსგან ალტერნატიული ტყავის წარმოების ტექნოლოგია 3 წლის წინათ გამოჩნდა. წარმოების პროცესს, დაახლოებით, ათი დღე სჭირდება - მიცელიუმი მკვებავ გარემოში მოჰყავთ, შემდეგ აშრობენ დაშლიან, რის შედეგადაც მიღებული მასალა ტანსაცმლისა და აქსესუარების შესაქმნელად გამოიყენება.
2020 წლისთვის სოკოს ტყავმა გლობალური ბრენდების ყურადღება მიიპყრო. Adidas-მა, Lululemon-მა, Stella McCartney-მ, ასევე, Kering-ის კონგლომერატმა, რომელიც პრემიუმ ბრენდებს, Gucci-ს, Saint Laurent-ს, Balenciaga-სა და Alexander McQueen-ს მოიცავს, გამოთქვეს მზადყოფნა, პროდუქცია ახალი მასალისგან აწარმოონ.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"