მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში სპორტული კომპლექსი „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ" ააშენა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. კომპლექსი წარმოადგენს დახურულ მულტიფუნქციურ სპორტულ სივრცეს სხვადასხვა სახეობებისათვის, როგორიცაა კალათბურთი, მინი-ფეხბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი და ჭიდაობა. სპორტულ კომპლექსში განთავსდება ტრიბუნები მაყურებელთათვის, გასახდელები, საშხაპე და სანიტარული ფართები, ინვენტარის შესანახი საწყობი და ადმინისტრაციული სივრცე. შენობის ჯამური ფართი 1157 კვადრატული მეტრია. პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. სპორტული კომპლექსის მიმდებარედ „სოკარმა" სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა საფეხბურთო სტადიონს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში ახალი სპორტკომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარსდგა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა კომპანია „სოკარის" ინვესტიციების მნიშვნელობას საქართველოსთვის და აღნიშნა, რომ კომპანის ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული საქართველოში და ქვეყანაში მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევა.
„სოკარს" გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა აქვს. განხორციელებული აქვს ძალიან ბევრი სოციალური მნიშვნელობის პროექტები ჩვენი მოსახლეობისთვის სხვადასხვა რეგიონში და დღევანდელი დღე არის სწორედ ამის დადასტურება. ჩვენ ვიმყოფებით მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყიზილაჯლოში და ჩვენ ამ მნიშვნელოვან, ლამაზ საჩუქარს გავხსნით დღეს ოფიციალურად. ეს არის საჩუქარი ადგილობრივი მოსახლეობისთვის - თანამედროვე ევროპული სტანდარტების სპორტული კომპლექსი, რომელიც ჩვენი ახალგაზრდებისთვის ძალიან ძვირფასი საჩუქარი იქნება, ამიტომ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ როვნაგს და კომპანია „სოკარს". ეს არის ძალიან კარგი მაგალითი ჩვენი ძმობის, მეგობრობის და ურთიერთთანამშრომლობის. მე ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჩვენთვის მხოლოდ მეზობელი ქვეყანა არ არის. მე ყოველთვის ვამბობ, რომ აზერბაიჯანი და აზერბაიჯანელები არიან ჩვენი ძმები და ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე ურთიერთობა. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს. ასევე გეტყვით, რომ სოკართან ერთად მთავრობა ახორციელებს უპრეცედენტო მასშტაბის გაზიფიცირების სამუშაოებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერია. კიდევ ერთხელ ყველას მოგესალმებით და გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.