საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით 2019 წლიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგება.
რა შედეგს მოუტანს პროგრამის აღდგენა ქვეყანას და სოფლებს როგორი მიმართულებით განვითარებაში შეუწყობს ხელს? ამ თემების შესახებ „კომერსანტი“ „ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტს“ ნინო ზამბახიძეს და „ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელს ირინე ფხოველიშვილს ესაუბრა.
როგორც ასოციაციების ხელმძღვანელები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა დგას, რომლის აღმოფხვრა სახელმწიფოს მხრიდან ეტაპობრივად უნდა მოხდეს. სწორედ ამიტომ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენის ინიციატივა დადებითი მოვლენაა.
„ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი“ ირინე ფხოველიშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მისი გუნდი სახელმწიფოსთან ერთად პროექტში მონაწილეობის მისაღებად მზად არის. ფხოველიშვილის თქმით, პრობლემები ყველაზე მეტად სასაზღვრო სოფლებს ეხება. მისივე განცხადებით, სახელმწიფომ სოფლებში ამბულატორიების აღდგენაზე უნდა იზრუნოს.
„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩვენ გამოცდილებას შევთავაზებთ. საქართველოს სოფლებს მხარდაჭერა ნამდვილად სჭირდება.
სოფლებს თვითმმართველობები აღარ ჰყავს, თუმცა მნიშვნელოვანი საკითხი სოფელმა უნდა გადაწყვიტოს და არა მუნიციპალიტეტმა.
სოფლად უამრავი პრობლემა დგას. მაგალითად, ყოველწლიურად წყლის მილის შეკეთება ხდება და ამაში საკმაოდ დიდი თანხები იდება, თუმცა წყალი ბოლომდე არ მიეწოდება მოსახლეობას, ზუსტად იგივე მდგომარეობაა ინფრასტრუქტურული მიმართულებით, განსაკუთრებით კი ეს შიდა გზებს ეხება.
ასევე გადასახედია სოციალური პროგრამა, რადგან 20 ლარის მოლოდინში სოფელში არავინ ცდილობს რომ იშრომოს.
თვითმმართველობის შექმნით თვალსაჩინო გახდება სოფლებს რა სჭირდება. სახელმწიფოს მხრიდან გასათვალისწინებელია ისიც, რომ მთის და ბარის სოფლები ერთმანეთისგან განსხვავებულია,“ - განაცხადა ფხოველიშვილმა.
„ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტის“ ნინო ზამბახიძის განცხადებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენა უნდა გაგრძელდეს და ეს მისასალმებელი ფაქტია. ზამბახიძე ჩვენთან საუბრისას, სოფლებში არსებულ პრობლემებზეც ამახვილებს ყურადრებას.
„სოფელში განსაკუთრებით პრობლემური სარწყავ-საირიგაციო სისტემაა. თუმცა სოფლებში ინფრასტრუქტურული პრობლემებიც არსებობს, მაგალიტად გზის და ამის მოწესრიგება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული უნდა იყოს,“ - განაცხადა ნინო ზამბახიძემ.
შეგახსენებთ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2016 წელს გაუქმდა. პროგრამის ფარგლებში, სოფლის მოსახლეობა თავად წყვეტდა, გამოყოფილი თანხები რაზე მიემართა.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე