გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გაუქმდა, - ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.
„ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით და მოსახლეობის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით შევძელით, რომ პრაქტიკულად ორ დღეში პარასკევს და შაბათს 1 552 ადამიანი შემოწმდა და საკვლევი მასალა გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. ამ მომენტისათვის 1 425 კვლევა დასრულებულია და შედეგად მხოლოდ ერთი ოჯახიდან იყო ინფიცირების ერთი დადასტურებული შემთხვევა და შემდგომ უკვე კარანტინში დაემატა იმავე ოჯახიდან კიდევ ერთი დადასტურებული ფაქტი. 127 საკვლევი მასალა არის დღეისათვის კვლევაში. შესაბამისად, რადგან შეფასდა სიტუაცია და სოფელში მასობრივი გავრცელება აღარ არის და არის იშვიათი შემთხევევები, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სოფელში საკარანტინო რეჟიმი გაუქმებულიყო. წუხელ, ღამის 12 საათიდან მოიხსნა ბლოკ-პოსტები და სოფელი ცხოვრების ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში შოთა რეხვიაშვილმა.
ყარაჯალარში კოვიდინფიცირების 44 დადასტურებული შემთხევაა დაფიქსირებული. ჩატარებულია 3 600-ზე მეტი ტესტი.
ყარაჯალარი 24 ივლისს ჩაიკეტა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 250 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 010-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 068 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 242.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge