უნგრეთის დედაქალაქში, ბუდაპეშტში, მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნის, Costes-ის მფლობელებმა გადაწყვიტეს, სტუმრები ქალაქის ერთ-ერთ ატრაქციონზე, ე.წ. „ეშმაკის ბორბალზე“ მიეღოთ, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
რესტორანთა ქსელის მფლობელი განმარტავს, რომ ერთ-ერთ რესტორანში ბრუნვა დაახლოებით ათჯერაა შემცირებული და ამბობს, რომ კორონავირუსის გამო შექმნილმა მდგომარეობამ უბიძგა, ბიზნესისთვის ახალი გზები მოეძიებინა.
„ახლა, როცა ხალხი აღარც „ეშმაკის ბორბალზე“ სხდება და არც რესტორნებში დადის, გაგვიჩნდა შესაძლებლობა, ეს გაგვეკეთებინა. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა შეძლონ სხვა სტუმრებისგან განცალკევება, უსაფრთხოდ ყოფნა. განცალკევებული კაბინებით, „ეშმაკის ბორბალი“ ამისთვის იდეალურია“ - ამბობს კაროლი გერენდაი.
ატრაქციონზე განთავსებულ რესტორანში ვახშამის მსურველთათვის, ბილეთი (ერთ სტუმარზე) 48 000 უნგრული ფორინტი (498.49 ლარი) ღირს.
imedinews.ge