1-ლი ნოემბრიდან WhatsApp სმარტფონების ბევრ მოდელზე აღარ იმუშავებს მესენჯერის ძველ საოპერაციო სისტემებთან შეუთავსებლობის გამო. საუბარია Apple-ს, Samsung-ის, LG-ს, ZTE-ს, Huawei-ს, Sony-ს, Alcatel-ის, Lenovo-სა და სხვა ბრენდების 43 მოდელზე. მესენჯერის სტაბილურად მუშაობისთვის უნდა იქონიოთ ტელეფონი საოპერაციო სისტემებით: Android 4.1 ან iOS 10. ან უფრო ახალი საოპერაციო სისტემებით.
არ არის აუცილებელი ამ მოდელებზე WhatsApp-მა სრულად შეწყვიტოს ფუნქციონირება. შესაძლოა მომხმარებელს მესენჯერის მხოლოდ რამდენიმე ფუნქციაზე შეეზღუდოს წვდომა და მონაცემთა უსაფრთხოებაც არ იყოს სათანადოდ დაცული. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Metro წერს.
მესენჯერი მუშაობას შემდეგ ტელეფონებზე შეწყვეტს: Samsung Galaxy SII, Galaxy S3 mini, LG Lucid 2, Optimus F7, ZTE Grand S Flex, Huawei Ascend G740, Ascend Mate, ასევე Alcatel One Touch Evo 7, HTC Desire 500 და Lenovo A820.
პრობლემები შეიძლება შეექმნათ IPhone SE-ს (2016), 6S-ის და 6S Plus-ის მფლობელებს: ეს მოდელები iOS 9-ითაა გამოშვებული, მაგრამ შესაძლებელია მათი განახლება iOS 15-მდე და WhatsApp-ით ჩვეულებრივ ისარგებლებენ. 2011 წელს გამოშვებულ ძველ iPhone 4S-ს WhatsApp-ზე წვდომა აღარ ექნება.