„სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას არანაირი ფასი არ აქვს, არც რუსეთისთვის და არც არავისთვის“

„სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას არანაირი ფასი არ აქვს, არც რუსეთისთვის და არც არავისთვის“

access_time2018-06-02 14:00:00

სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ცნობილ რუს აღმოსავლეთმცოდნეს, მოსკოვის კარნეგის ცენტრის ექსპერტს, ალექსეი მალაშენკოს ესაუბრა. 



- ბატონო ალექსეი, სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხეთ ოსეთის აღიარების დღეს თქვენ ჩვენთან სასაუბროდ არ გეცალათ - მითხარით, რომ არც მეორე დღეს გეცლებოდათ, რადგან უნდა დასწრებოდით ყოველწლიურ „პრიმაკოვის დღეების“ (წაკითხვების) ფარგლებში დაგეგმილ სამეცნიერო კონფერენციაზე რუსეთის პირველი დიპლომატის სერგეი ლავროვის გამოსვლას. მეც ჩავთვალე, რომ ჩვენი საუბრის ჩაწერა სწორედ ლავროვის მოხსენების შემდეგ იქნებოდა უფრო საინტერესო. როგორ შეაფასებდით, „პრიმაკოვის დღეების“ ფარგლებში მინისტრ ლავროვის მოხსენებას, რომელშიც სავარაუდოდ, უხვად იყო მკაფიო გზავნილები რუსეთის საგარეო პოლიტიკის ძირითად ასპექტებზე? 


- მინისტრ ლავროვს საერთაშორისო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო პოლიტიკის პოზიციებზე ახალი არაფერი უთქვამს. რუსეთს საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებისადმი მიდგომები ისეთი აქვს, როგორც ადრე ჰქონდა, ანუ პრინციპულად ახალი არაფერი უთქვამს.
ლავროვის გამოსვლის მთავარი აზრი ასეთი იყო - რუსეთი მზადაა თანამშრომლობისთვის, მზადაა მიიღოს გადაწყვეტილებები საერთაშორისო პოლიტიკის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, მაგრამ რუსეთი ჯერ ვერ ხედავს საპასუხო გზავნილებს დასავლელი პარტნიორებისაგან, განსაკუთრებით კი ამერიკელებისაგან. 
ლავროვს საერთოდ არაფერი არ უთქვამს არც საქართველოზე, არც სირიაზე და არც აფხაზეთსა თუ სამხრეთ ოსეთზე. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ამ თემებზე, მათ შორის უკრაინაზე, დონბასში არსებულ ვითარებაზე საკმაოდ ბევრი კითხვა იქნა მის მიმართ დასმული. 


- ლავროვის მოხსენებიდან გამომდინარე, თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორი იქნება რუსეთის პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ?


- იმის გათვალისწინებით, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ მოსკოვის დამოკიდებულება არ შეცვლილა, ამ თვალსაზრისით კრემლის პოლიტიკაშიც არაფერი შეიცვლება. ვინაიდან ლავროვმა სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, მინისტრის მოხსენებაც მიმდინარე მოვლენების თავისებურებებზე ანალიზის მეცნიერულ ხასიათს ატარებდა. 


- თქვენი საუბრიდან გამომდინარე ძნელია არ ვივარაუდოთ, რომ რუსეთი გააძლიერებს საქართველოზე ზეწოლას - თქვენი აზრით, როგორ?


- როგორც გითხარით, საქართველოს თემაზე საერთოდ არაფერი თქმულა. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხი ახალი ამბავი იყო, საქართველოს თემაზე კულუარებშიც კი არ ყოფილა საუბარი. სირიაზე კი იყო მსჯელობა. კერძოდ, საუბარი იყო იმაზე, რომ დღეისათვის არსებობს ორგვარი მიდგომა - ერთ შემთხვევაში სირიის პრობლემათა უმეტესობა სირიის საკითხში საერთაშორისო ჩარევებს უკავშირდება, ასე მიიჩნევს უმრავლესობა. ხოლო მეორე მიდგომა, რომელზეც უმცირესობა ამახვილებდა ყურადღებას, უკავშირდება იმას, რომ სირიის უმთავრესი პრობლემა შიდა დაპირისპირებაა, რომლის დაძლევის გზები არ ჩანს. 


- დავუბრუნდეთ ჩვენი საუბრის უმთავრეს თემას. სირიამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. არავის ეპარება ეჭვი, რომ დამასკომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კრემლის დავალებით აღიარა. 
თუ სირიის რეჟიმზე მოსკოვის გავლენას გავითვალისწინებთ, რაც მოხდა მოულოდნელი არ იყო, მაგრამ, თქვენი აზრით, სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ახლა აღიარება, სავარაუდოდ, რას შეიძლება უკავშირდებოდეს?


- პირველი, რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ ჩვენ არ ვიცით ეს როგორ მოხდა. ჩემი კოლეგების საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის, რომ ბაშარ ასადს უნდოდა მოსკოვისთვის ესიამოვნებინა და გადადგა ის ნაბიჯი, რაც გადაიდგა. მეორენი მიიჩნევენ, რომ ასადს ამის გაკეთება სწორედ მოსკოვიდან ურჩიეს. ჩემი აზრით, ყველაფერი ეს საკმაოდ კომიკურად გამოიყურება. როცა ამ თემაზე პირველი კომენტარების გასაკეთებლად დამიკავშირდნენ თქვენი რუსი კოლეგები, მე მათ ვუთხარი, რომ აჯობებდა ამ თემაზე სასაუბროდ იუმორისტ პეტროსიანთან დაერეკათ. თუ ეს მხოლოდ ასადმა გააკეთა, მისი მხრიდან ეს არც თუ ისე ჭკვიანური ნაბიჯია. გარდა ამისა, მომხდარი საერთოდ არაფერს არ ცვლის. მხოლოდ აღიზიანებს საქართველოს, რაც ახლა რუსეთს საერთოდ არ სჭირდებოდა. 


- ბატონო ალექსეი, კარგით რა. რომ არა რუსეთი, ასადის რეჟიმი კარგა ხნის უკან ჩაბარდებოდა ისტორიას. ის ტერიტორიები, რომელსაც ბაშარ ასადის ძალები ახლა აკონტროლებენ, რუსი ჯარისკაცების დამსახურებაა. მეტიც, რუსი პოლიტიკოსები აღარ მალავენ, - რომ არა სწორედ მათი აქტიურობა, ასადი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას არ აპირებდა...


- დიახ, სწორედ რუსეთის დამსახურებაა, რომ ასადი ინარჩუნებს ძალაუფლებას, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ახლა ასადმა იცის - მას დანარჩენი სამყაროს მხარდაჭერის იმედი არ შეიძლება ჰქონდეს და თავად ცდილობს მოსკოვს ასიამოვნოს.


- თბილისში მომხდარს უკავშირებენ იმას, რომ საქართველო-ნატოს ურთიერთობები ღრმავდება, აშშ და ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერენ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, საქართველომ ამერიკული „ჯაველინები“ შეიძინა, ხოლო პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ქვეყნის ოკუპაციის 100 წლის იუბილეს ნატოს წევრი ქვეყნის სტატუსით შეხვდება. რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება თბილისისათვის მოსკოვის პასუხი იყო?


- იცით, იმას, რაზეც თქვენ საუბრობთ, დიდი პოლიტიკისთვის მნიშვნელობა სულაც არ აქვს. ახლა მნიშვნელობა არა აქვს რამდენი წლის წინ მოხდა საქართველოს ოკუპაცია. სსრკ-ს დროს საკმაოდ ბევრი ხელოვნული საზღვარი არსებობდა. მხოლოდ აფხაზეთი აქ არაფერ შუაშია. ასეთივე სიტუაციები იყო და დღემდეა შუა აზიაში. რიგ შემთხვევაში ხერხდება შეთანხმების მიღწევა, რიგ შემთხვევაში - ვერა. საზღვრები შეიცვლება ახლო აღმოსავლეთის საკმაოდ ბევრ ქვეყანაში. ახლა აღარც სსრკ-ა და აღარც იუგოსლავია. აღარც სუდანია იმ საზღვრებში ადრე რომ იყო. საზღვრების ცვლილება ტრაგედიაა იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც ტერიტორიები აკლდება, დიდი ტრაგედიაა იმ ხალხებისთვის, რომლებიც ამ ტერიტორიებიდან გამოდიან და სხვაგან ცხოვრება უწევთ. მაგრამ, ეს პროცესი უკვე ტრენდად იქცა და ამ პროცესში უკვე გასაკვირი აღარაფერია. გაიხსენეთ კვიპროსი, კატალონია, ავსტრიაში, ასევე სამხრეთ ტიროლში მიმდინარე პროცესები. 
მე საზღვრების ურღვევობას ვემხრობი, მაგრამ ეს პროცესი დაწყებულია. მესმის, რომ ეს პროცესი მტკივნეულია, მაგრამ, ვიმეორებ, აღარც სსრკ და აღარც იუგოსლავია არ არსებობენ. 


- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით რუსეთი დასავლეთსა და აშშ-ს მისი წესების მიღებას სთავაზობს. კერძოდ, სთავაზობს აღიარონ ყირიმის ანექსია, სირიაში არსებული სტატუს-კვო, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. თქვენი დაკვირვებით, ამ ლოგიკის თვალსაზრისით რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს აფხაზეთის ირგვლივ განვითარებული პროცესები? 


- ვერ გეტყვით. ყველაფერი რაც ხდება, ხან ისტორიული საფუძვლებით იხსნება, ხან პოლიტიკური, ხანაც კულტურული ანდაც ენობრივი თავისებურებებით. რაც შეეხება აფხაზეთს, ბაბუაჩემი აფხაზეთში ცხოვრობდა და მე საზაფხულო არდადეგებზე სოხუმში დასასვენებლად ხშირად ჩავდიოდი. მახსოვს 1966 წელს სოხუმში აფხაზების მიტინგები, რომლებზეც ისინი რუსეთის ფედერაციაში შესვლას ითხოვდნენ. ლოკალური თვალსაზრისით, ეს ბევრი ადამიანისთვის ტრაგედიაა. თუ პროცესს გლობალურად შევხედავთ, დავინახავთ რომ ჩვენს ირგვლივ ყველაფერი იცვლება. საფრანგეთის საზღვრები მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიცვალა. ასეთი პროცესები ისტორიაში ხდებოდა და კიდევ ბევრი მოხდება. ვიმეორებ, ეს სახელმწიფოებისთვის ტრაგედიაა, მაგრამ მთლიანობაში ეს პროცესი უკვე მსოფლიო ტრენდია. 



- ანუ, ეს გარდაუვალი პროცესია?


- დიახ, ვფიქრობ, რომ ეს გარდაუვალი პროცესია. შეგიძლიათ თქვათ თუ როგორ შეიძლება ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტა? ან იუგოსლავიის აღდგენა? ანდა ჩეხოსლოვაკიის აღდგენა? თუ ერთი წუთით წარმოვიდგენთ, რომ რუსეთმა უთხრა აფხაზეთს დაბრუნდეს საქართველოს შემადგენლობაში, იცით რა მოხდება? უამრავი აფხაზი ისევ იარაღით ხელში დაუპირისპირდება რუსეთს. ვიმეორებ, პირადად მე ყოველთვის მომხრე ვიყავი საზღრების ურღვევობის, მაგრამ, როგორც ჩანს, ასე არ გამოდის. სხვათა შორის, ასე არ გამოდის არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში. 


- მესმის რასაც ამბობთ, მაგრამ, თქვენივე ლოგიკისა და ახსნის საპირწონედ უამრავი ფაქტისა და მოვლენის მოხმობა შეიძლება. ვხედავ, ამ თემაზე პოლემიკის გამართვას აზრი არ აქვს. ამიტომ მაინც სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხს დავუბრუნდები... თქვენი შეფასებით, რას წარმოადგენს დღევანდელი სირია? ფაქტია, რომ სირიის არაბთა რესპუბლიკა რეალურად აღარც არსებობს, მეტიც, არაბულ სამყაროში ბაშარ ასადის რეჟიმს მხარდამჭერებიც არ ჰყავს.


- ძალიან მოკლედ ვიტყვი - დღევანდელ სირიაში სრული განუკითხაობაა. დღევანდელი სირია პოლიტიკური, ეთნიკური და რელიგიურ-კონფესიური ნიშნებით დაყოფილი ქვეყანაა. იგი გავლენიანი გარე მოთამაშეების მიერ გავლენების სფეროებად, პრაქტიკულად დამოუკიდებლად ფუნქციონირებად ტერიტორიებადაა დაყოფილი. დღეისათვის, სირიის არაბთა რესპუბლიკა, როგორც სახელმწიფო აღარ არსებობს. სირია თავიდანვე იყო ხელოვნურად, შეთანხმების საფუძველზე შექმნილი სახელმწიფო.


 - ასეთ ვითარებაში რამდენად ლეგიტიმურია სირიის მიერ აფხაზეთის  დამოუკიდებლობის აღიარება?


- იცით, სირია დღეს რომ ასეთ ვითარებაშია, ამას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებისათვის აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ყველაფერი ბავშვურ თამაშს ჰგავს და მისი ფასიც ნულის ტოლია. 


- თქვენი აზრით, როგორ აისახება ეს აღიარება აფხაზეთზე, სამხრეთ ოსეთზე, ანაც იგივე საქართველოზე? 


- მომხდარი არც აფხაზეთზე, არც სამხრეთ ოსეთზე და არც საქართველოზე საერთოდ არანაირად არ აისახება. თუ რამეზე შეიძლება აისახოს, აისახება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე. არადა, ისეთი პირი უჩანდა, რომ მიუხედავად ყველაფრისა მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად შეიძლებოდა გაუმჯობესებულიყო. ვწუხვარ, რომ ეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ნეგატიურად აისახება. 


- სოხუმში, ისევე როგორც ცხინვალში, იმედს გამოთქვამენ, რომ მათ „დამოუკიდებლობას“ წლის ბოლომდე კიდევ სხვა ქვეყნები აღიარებენ. დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენია, რომ არაბული სამყაროს ქვეყნები ამ საკითხში ასადის გზას აირჩევენ. თქვენი აზრით, კიდევ ვინ შეიძლება აღიაროს აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“?


- ჩემი აზრი ასეთია - სამხრეთ ოსეთს არავინ არასდროს არ აღიარებს. რაც შეეხება აფხაზეთს, ბევრი რამ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. ჩემი აზრით, თუ შესაფერისი ვითარება ჩამოყალიბდა, აფხაზეთს 15-20 წლის შემდეგ, ანაც უფრო მეტი დროის შემდეგ აქვს შანსი ისეთი სტატუსი ჰქონდეს, როგორი სტატუსი აქვს დღეს ჩრდილოეთ კვიპროსს. აფხაზეთში დღეისათვის, სავარაუდოდ 0,5%-ით მაინც არის ის, რასაც შეიძლება ჰქონდეს არსებობის უფლება, რა სტატუსით, ეს სხვა საკითხია. 


- ეს კითხვა ერთხელ დავსვი, მაგრამ კიდევ გავიმეორებ - რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით რუსეთს საქართველოსთვის თავისი სიძლიერის დემონსტრირება სურდა და უახლოეს მომავალში იგი კვლავაც შეეცდება თბილისზე ზეწოლის გაძლიერებას? 


- არა მგონია. გითხრათ სიმართლე, მე მართლა არ მესმის რაში სჭირდებოდა რუსეთს ახლა სირიის მიერ აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება. ამით არანაირ სარგებელს არ მიიღებს არც რუსეთი, არც აფხაზეთი, არც სამხრეთ ოსეთი და არც სირია. 


- თუ ასეა, მაშინ რა ჯანდაბად მოხდა ის, რაც მოხდა? 


- მეც მაგასაა რომ ვკითხულობ მერამდენე დღეა. ამიტომ იყო, რომ თავიდან უარს ვეუბნებოდი ამ თემაზე ჟურნალისტებს კომენტარის გაკეთებაზე. 


- და მაინც, ცხადია, რომ მომხდარი ასადის თვითშემოქმედება არ იყო...


- ვინაიდან ეს რუსეთის ინტერესებში არ შედიოდა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ცალკეული რუსი პოლიტიკოსების მხრიდან ასადზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების ფაქტორებით განპირობებული თვითშემოქმედება იყო. 
არა ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მომხდარით აღფრთოვანებულია. მომხდარი კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას საქართველოსთან. 


- შესაძლოა, მაგრამ ფაქტია, რომ ამაზე ხმამაღლა ახლაც არავინ ამბობს და არც იტყვის... 


- მოკლედ, ეს კიდევ სხვა საკითხია. თქვენ თავად დასვით კითხვა - რა ჯანდაბად იყო ეს საჭირო? თქვენ რა, გგონიათ მარტო თქვენ ხართ ასეთი ჭკვიანი და სხვა ამას ვერ ხვდება? 
გარწმუნებთ, რუსეთის ისტებლიშმენტში ძალიან ბევრი ჭკვიანი ხალხია და ისინიც სვამენ ანალოგიურ კითხვას. 


- ვინაიდან მომხდარი სხვაგვარად არ იკითხება გარდა იმისა, რომ მოსკოვს თბილისზე ზეწოლის დემონსტრირება სურდა, რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართულებით სავარაუდოდ, კიდევ რა ნაბიჯებს უნდა ველოდოთ?


- არ მესმის რა საჭიროა საქართველოზე ზეწოლის გაძლიერება. რა ეს გაზრდის რუსეთის ავტორიტეტს დანარჩენ მსოფლიოში და თუნდაც საქართველოში? რა თქმა უნდა, არა. თითქოს ყველაფერი კეთდებოდა რომ გაუმჯობესებულიყო რუსულ-ქართული ურთიერთობები. მართალია, ამგვარი იმედები საკმაოდ მცირე იყო, მაგრამ ახლა იმაზეც ძნელია საუბარი რაც იყო... რუსეთს ყელში აქვს გაჩხერილი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ამბავი და არ მესმის კიდევ ახალი თავის ტკივილი ვის სჭირდება. თუ სირიის მიერ აფხაზეთის აღიარება რუსეთის ინიციატივაა, ეს ბავშვურ ქცევას გავს. თუ ეს ბაშარ ასადის ინიციატივაა, ესეც გაუგებარია, ვინაიდან იგი ამით ხომ ძალაუფლებაში მისსავე ყოფნას ვნებს. 


- სირიაში მართლაც ურთულესი ვითარებაა და კაცმა არ იცის ბაშარ ასადი კიდევ რამდენ ხანს შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას... 


- თუ ასადი არ იქნა, სირიაში კიდევ უფრო დიდი მასშტაბის ხოცვა-ჟლეტა გაგრძელდება. 20%-ს ალავიტები შეადგენენ, 7%-ს ქრისტიანები, დანარჩენები სუნიტები არიან, რომლებიც ერთმანეთშიც ომობენ. ცალკე საუბრის თემაა ქურთები. მოკლედ, როგორც გითხარით, სირია, როგორც ქვეყანა არ არსებობს. 


- ამიტომაცაა რომ ვკითხულობ, ასეთი სირიის მიარ აფხაზეთის აღიარებას რა ფასი აქვს? 


- არანაირი ფასი არ აქვს. სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას არანაირი ფასი არ აქვს არც რუსეთისთვის და არც არავისთვის. იგი გამაღიზიანებელი ფაქტორის გარდა არც არაფერია. 


“ინტერპრესნიუსი” 



29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-29 18:05:03
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს
access_time2020-10-29 16:55:29
სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლები 30 და 31 ოქტომბერს „სილქფესტის“ აქციით შეძლებენ 30 დღით გაიაქტიურონ ულიმიტო პირობები სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე: კომბინაციით *019# მომხმარებელი ჩაირთავს ულიმიტო ინტერნეტს 19 ლარად, ხოლო კოდით *202# - ულიმიტო სასაუბრო* პირობას 10 ლარად გაიაქტიურებს. „სილქფესტით“ სარგებლობა შეეძლებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ასევე, შეზღუდვის გარეშე ორივე პაკეტის გამოყენება. *უსასრულო...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-29 21:00:29
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.წლების შემდეგ ქართული ექსპორტი ისევ რუსეთზე დამოკიდებული ხდება - დინამიკა ციფრებში და პრობლემები, რაც შეიძლება მომავალშიც განმეორდეს რუსეთი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ზრდის. წლების შემდეგ რუსეთი ქართული პროდუქციის უმსხვილესი...

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი
access_time2020-10-29 17:00:01
8 წლიანი მმართველობის დასასრულს „ქართული ოცნება“ მესამე ვადით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას. მთავარ ორიენტირად ისევ მემარცხენე მიმართულება რჩება. საარჩევნო პროგრამაში პირველივე გვერდზე ვკითხულობთ სიტყვებს „მზრუნველი ხელისუფლება.“ პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში აღნიშნულია, რომ ქართულმა ოცნებამ მმართველობის პირველივე წლებიდან „ეკონომიკის ხარისხობრივი განვითარებისთვის ფუნდამენტური...

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა
access_time2020-10-29 14:00:38
სომხეთში ექსპორტი სექტემბერში შემცირებულია, წლიურად (Y.Y) 67%-ი (09/2020 მთლიანი ექსპორტი ზრდა 8.6%Y.Y). $16 მლნ -და (L/Y - $44.6 მლნ, 7.7) ადგილობრივმა ექსპორტმა - 8,5 მლნ. დოლარი შეადგინა. კლება რეექსპორტის ხარჯზეა. რაც მსუბუქი ავტომობილების შემცირებით აიხსნება, რაც ძირითადი საექსპორტო ჯგუფია. 2019 წლის სექტებერში სომხეთში საქართველოდან $31 მლნ -ის ავტომობილი გავიდა, 09/2020 - 0. საქტატში აღრიცხული არ არის და მსხვილი ექსპორტიორის კავკასიის...


მსგავსი სიახლეები

up