„სინოჰიდროს“ საქმიანობაში კორუფციული, უკანონო და უხარისხო მშენებლობის ფაქტები გამოიკვეთა

„სინოჰიდროს“ საქმიანობაში კორუფციული, უკანონო და უხარისხო მშენებლობის ფაქტები გამოიკვეთა

access_time2018-10-05 11:50:03


ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩინური სახელმწიფო კომპანია „სინოჰიდროს“ საქმიანობის შესახებ კვლევის შედეგებს და სარეკომენდაციო წინადადებებს აქვეყნებს, ხოლო გამოვლენილ დარღვევებზე, სავარაუდო კორუფციულ ფაქტებსა და შესრულებული სამუშაოების ხარისხზე სახელმწიფოს შესაბამისი უწყებებისგან რეაგირებას მოითხოვს.


„ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, მათ შეისწავლეს კომპანია „სინოჰიდროს“ მონაწილეობა 2017 (ხელშეკრულების ღირებულება: 133,530,690.63 ლარი), 2015 (ხელშეკრულების ღირებულება: 253,979,678.24 ლარი) და 2012 წლებში (ხელშეკრულების ღირებულება: 209,852,079.67 ლარი), მოგებულ სამ ტენდერში, რომელიც ეხებოდა ქობულეთის შემოვლითი გზის, სამტრედია-გრიგოლეთის გზისა და ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესში.


„კვლევამ აჩვენა, რომ ახალი პროექტით გზების მშენებლობა რამდენიმე მილიონი ლარით ნაკლები ჯდება, თუმცა მშენებლობის დაწყებიდან დღემდე, ყველა ოფიციალურ წყაროში, არსად არის ნახსენები თანხების დაზოგვის შესახებ და ყველა ოფიციალური პირი მიუთითებს და საუბრობს მხოლოდ სატენდერო ღირებულებაზე. უცნობი რჩება ქობულეთისა და ბათუმის შემოვლითი გზების, სამტრედია-გრიგოლეთის ყველა ლოტის ფინანსური ხარჯვის მაჩვენებლები და ტრანზაქციების ადრესატი ბანკები და კომპანიები.

საინტერესოა ჩინურ კომპანიებთან ანგარიშსწორების საკითხიც. იმის გათვალისწინებით, რომ ჩინურ კომპანიებს და ჩინეთის „რკინიგზა 23“-ს უზარმაზარი საბიუჯეტო დავალიანება აქვთ, გაურკვეველია, თუ როგორ ახდენდა საქართველოს საგზაო დეპარტამენტი მათთან ანგარიშსწორებას, ხომ არ ხდებოდა საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობის (სადაც ფიქსირდებოდა საბიუჯეტო დავალიანება - 23 მილიონი ლარი) გვერდის ავლით სათავო ოფისში თანხების გადარიცხვა. ამდენად, შესაძლოა იკვეთებოდეს ტენდერებში მონაწილე კომპანიების არაკეთილსინდისიერი ქმედებები, რაც გამოიხატება გამოცხადებულ სატენდერო კონკურსებში გამარჯვების მიზნით, პროექტის სრულყოფილად განხორციელებისთვის საჭირო რეალურ თანხაზე გაცილებით ნაკლების შეთავაზებით. შედეგად, ტენდერის ძირითადი პრინციპიდან გამომდინარე, იოლი გამარჯვებით, ხოლო შემდგომ პროექტისთვის აუცილებელი საკმარისი ფინანსური სახსრების არ არსებობის გამო, მისი მნიშვნელოვანი ხარვეზებით განხორციელებით,“ - აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში.


როგორც „ახალგაზრდა ადვიკატები“ ირწმუნებიან, კვლევამ გამოკვეთა, რომ კომპანია „სინოჰიდრო“ სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზას სავალდებულო ნებართვებისა და ექსპერტიზის დასკვნის გარეშე, უკანონოდ აშენებდა. კერძოდ, 2016 წლიდან სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კვ.11+500-კმ.30+000 (ლოტი II) მონაკვეთზე მშენებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო ნებართვებისა და საექსპერტო დასკვნის გარეშე, უკანონოდ მიმდინარეობდა. გამოიკვეთა, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტი სახელმწიფოს შესაბამის კომპეტენტურ უწყებებთან ნებართვების მიღების გარეშე შეცვალა. თავდაპირველად, პროექტით განისაზღვრა, რომ ვინაიდან ტერიტორია წარმოადგენდა ჭაობიან ადგილს, გზა აშენდებოდა ბეტონის ხიმინჯებზე. კომპანიამ პროექტში ცვლილებები მოითხოვა და ტერიტორიაზე ფითილები დამონტაჟდა, თუმცა ფითილების გამოყენებით გზის მშენებლობამ შედეგი არ გამოიღო.


ორგანიზაციამ კვლევის პროცესში, აგრეთვე შეისწავლა კომპანიის საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და უკანონოდ მოპოვებული რესურსების შედეგად, გარემოზე მიყენებული ზიანის ამსახველი ფაქტები. გარემოზე მიყენებულმა ზიანმა კოლოსალური თანხა - 233,241.06 ლარი შეადგინა. აღნიშნულ საქმეებზე საგამოძიებო მოქმედებებს, ახლაც საქართველოს მთავარი პროკურატურა და მისი რეგიონული სტრუქტურული ერთეულები აწარმოებენ. ორგანიზაციამ შეისწავლა კომპანიის მიმართ დაკისრებული სახდელის ფინანსური მოცულობაც, რამაც, 2013 წლის 6 ივნისიდან 2017 წლის 6 ნოემბრის მდგომარეობით, 46 სამართალდარღვევის ფაქტზე, 62,686,98 ლარი შეადგინა.


კვლევამ დაადგინა, რომ „სინოჰიდროს“ საქმიანობას დასაქმებული მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვასთან გააჩნია სისტემური პრობლემები და კონფლიქტში მოდის შრომის უსაფრთხოების პრინციპებთან. არასრულფასოვნადაა დანერგილი შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემა. კომპანიამ ვერ წარმოადგინა თანამდებობრივი და საწარმოო ინსტრუქციები. ბუნდოვანი აღმოჩნდა ინსტრუქტაჟის ჩატარების წესი და შინაარსი. შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი საუბრობს დასაქმებულთათვის უცხო ენაზე, რაც იწვევს ეფექტური კომუნიკაციის დეფიციტს. სამუშაო ადგილები არ არის მომარაგებული პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებით. საწარმოში მოსაწესრიგებულია სახანძრო უსაფრთხოება, ელექტროუსაფრთხოება. საწარმოს ტერიტორიაზე და საამქროებში არ არის საკმარისი რაოდენობის და შესაბამისი ხასიათის მქონე ამკრძალავი, სავალდებულო, სარეკომენდაციო და დამხმარე ხასიათის ნიშნები. ჟანგბადის და პროპანის ავზები მიმოფანტულია საწარმოს ტერიტორიაზე უკონტროლოდ და სხვა.



აღსანიშნავია, რომ ორგანიაციამ  შეისწავლა „სინოჰიდროს“ საქმიანობა ყირგიზეთში, სომხეთში, მალაიზიაში, ბოცვანაში, უგანდასა, ზიმბაბვეში  და დაასკვნა, რომ საქართველო არ არის პირველი ქვეყანა, სადაც კომპანიას აქვს პრობლემები, ეროვნულ მთავრობებს აქვს სამართლებრივი პრეტენზია და კომპანია დადანაშაულებულია ვალდებულებების არაკეთილსინდისიერ შესრულებასა და სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში. მალაიზიის ქალაქ სარავაკში კომპანიის მიერ აშენებული „Bakun“-ის ჯებირს Transparency International და International Rivers–ის აღწერით, „კორუფციის მონუმენტსაც“ უწოდებენ.


კვლევის საფუძველზე  „ახალგაზრდა ადვოკატებმა“  შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომელიც  ხელისუფლების ყველას ჩართულობას გულისხმობს:


  1. საქართველოს პარლამენტში უნდა შეიქმნას სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ტენდერებში გამარჯვებული კომპანია „სინოჰიდროს“ საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია, რომელიც საფუძვლიანად გამოიკვლევს დასახელებული კომპანიის მიერ საქართველოში მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესს ტენდერში გამარჯვებიდან ვალდებულების შესრულების ჩათვლით;


2. საქართველოს პარლამენტმა უნდა მოამზადოს კანონპროექტი და არსებულ კანონებში ცვლილებების შეტანის გზით, შეიცვალოს ტენდერების ჩატარების წესები კონტრაჰენტებთან პროექტის დასაწყისიდან პროექტის ჩაბარების ჩათვლით საჯაროობის, გამჭვირვალობისა და საუკეთესო მმართველობის პრინციპებიდან გამომდინარე;


3. მხოლოდ საქართველოს მთავრობის, როგორც კოლექტიური სათათბირო ორგანოს პრეროგატივა უნდა გახდეს ქვეყანაში მსხვილი საგზაო და ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროექტებზე არსებულ ხელშეკრულებებში ცვლილებების განხორციელება.


4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ:


• უნდა შეცვალოს მსხვილი საგზაო-ინფრასტრუქტურული ტენდერების ჩატარების წესები. უნდა გაკონტროლდეს ტენდერის პირობებისა და შემდგომ გამარჯვებულთან დადებული ხელშეკრულებების თანადობა. ყველა ცვლილება ტენდერის პირობებიდან, იქნება ეს პროექტის სრული თუ ნაწილობრივი ცვლილება თუ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშიდან გადახრა, უნდა გახდეს საჯარო.


• გამჭვირვალე უნდა გახადოს პროექტების ფინანსური ტრანზაქციების მიმდინარეობა და ნებისმიერი ახალი ტრანზაქცია უნდა იყოს დადასტურებული წინა ფინანსური ოპერაციების თანმდევი სამუშაოების მიღება-ჩაბარებების აქტების გამოქვეყნებით;


• უნდა გააძლიეროს გზებისა და ინფრასტრუქტურის მშენებელ და ზედამხედველ კომპანიებზე კონტროლი ხარისხის, ვადებისა და ტექნოლოგიების დაცვის კუთხით.


5. ზედამხედველი ორგანიზაციების ყოველთვიური ანგარიშები უნდა გამოქვეყნდეს მედიაში, რათა საზოგადოებას ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია მიეწოდოს საგზაო და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის თაობაზე.



ცნობისთვის: ორგანიზაციამ „სინოჰიდროს“ საქმიანობა 2018 წლის იანვარში დაიწყო. კვლევის პროცესში, ორგანიზაცია დეაყრდნო სხვადასხვა სამთავრობო უწყების საჯარო ინფორმაციას, ოფიციალურ ხელშეკრულებებსა და საერთაშორისო გამოცემებში დაცულ მასალას. კვლევა აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს და მედიას მიეწოდება.


კომერსანტი





დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up