მარტში წლიურმა ინფლაციამ დაგეგმილ მაჩენებელ 2.4-ჯერ გადააჭარბა და 7.2%-ს მიაღწია, თუმცა განსხვავებული კვების რაციონის, კომუნალური გადასახადებისა და სხვა ხარჯების გათვალისწინებით, სამომხმარებლო ფასები სხვადასხვა ადამიანისთვის სხავადასხვა მოცულობით გაიზარდა.
ფასების თუნდაც მცირედით ზრდა ყველაზე მტკივნეულად სოციალურად დაუცველ ადამიანებზე მოქმედებს. ხელმოკლე ადამიანი შემოსავლის 50%-ზე მეტს და ზოგ შემთხვევაში 70%-ზე მეტსაც საკვებზე ხარჯავს. საქსტატის ცნობით ბოლო ერთ წელიწადში სურსათზე ფასები საშუალოზე უფრო დაბალი მაჩვენებლით - 5.7%-ით გაიზარდა, რაც ქმნის იმის ილუზიას, რომ ღარბი ადამიანისთვის ინფლაცია შედარებით დაბალი იყო, მაგრამ რეალობა განხსხვავებულია. ის პროდუქტები, რომლებსაც ყველა მოიხმარს საშუალოზე ბევრად მეტით გაძვირდა, მაგ: ზეთი და ცხიმი - 35.8%-ით (ფასები ამოწერილია 10-დან 20 რიცხვამდე და თვის ბოლოს ზეთის დამატებითი გაძვირება სტატისტიკაში ვერ აისახა), ყავა და ჩაი - 13.7%-ით, შაქარი - 13%-ით, რძის ნაწარმი - 8.5%-ით. პური და პურპროდუქტები -7.7%-ით,მათ შორის თონის პური 20%-ით შედარებით ნაკლებად 5%-ით გაიზარდა ფასები ნატურალურ წვენებზე და 4%-ით ხორცზე ასევე 8.6%-ით გაიაფდა ხილი და 12%-ით ბოსტნეული. სიღარიბის ზვარს მიღმა მყოფი ადამიანი ხორცს, განსაკუთრებით კი მარტში პომიდორს ნაკლებად მოიხმარს და მის სამომხმარებლო კალათაში ამ პროდუქტების შეტანა არასწორი იქნება.
სურსათის გარდა აუცილებელი ხარჯების კატეგორიას განეკუთვნება ასევე კომუნალური გადასახადები და ჯანდაცვა. კომუნალური ხარჯები ერთ წელიწადში 7.8%-ით გაიზარდა, ჯანდაცვა - 13.6%-ით.
მწეველი ადამიანისთვის სიგარეტის გაძვირება თამბაქოზე გამოყოფილი ხარჯის იმავე, ან თითქმის იმავე პროპორციით გაზრდას ნიშნავს. სიგარეტი ბოლო ერთ წელიწადში 12.1%-ით გაძვირდა.
იმ ადამიანებისთვის რომელთა შემოსავალი ისედაც დაბალია რეალური ინფლაცია ორნიშნა აღმოჩნდა, რამაც მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. გაუფასურებულმა ლარმა დასაწვავზე ფასების მატებამ უახლოეს პერიოდში ფასები შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდოს.
2020 წელს ეკონომიკურმა ვარდნამ 6.2%-ს მიაღწია. უმუშევართა რაოდეობა 115 000-ით, სოციალურად დაუცველთა რაოდენობა კი 100 000-ით გაიზარდა. 2021 წლის იანვარ-თებერვალში მშპ დამატებით 8.3%-ით შემცირდა.
გიორგი ელიზბარაშვილი