ბოლო 70 დღეში ევროპაში რუს ოლიგარქებს ათობით იახტა და ვილა ჩამოართვეს, ბანკებში კი მილიარდობით დოლარის ანგარიშები გაუყინეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა დაყადაღებული ან ჩამორთმეული აქტივები დატაცებული ქონების მხოლოდ მცირე ნაწილია. კრემლის ღია კრიტიკოსის და Hermitage Capital Management-ის აღმასრულებელ დირექტორ ბილ ბრაუდერის განცხადებით შვეიცარიის ხელისუფლების მიერ რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული $7.6 მლრდ შეურაცხმყოფელია, იმ ფონზე, როდესაც შვეიცარიის ბანკებში $200 მლრდ-ის ტოლი რუსული აქტივები ინახება.
შვეიცარია, როგორც განსაკუთრებული ქვეყანა ორ საუკუნეზე მეტია, (18015 წლიდან) ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. ბერნი 2002 წლამდე გაეროს წევრობაზეც უარს აცხადებდა. ევროპის შუაგულში მდებარე ქვეყანამ მეორე მსოფლიო ომის თავიდან არიდებაც კი მოახერხა, თუმცა 2022 მის ისტორიაშიც გამონაკლისი აღმოჩნდა. შვეიცარიამ მართალია უკრაინისთვის იარაღის გადაცემაზე უარი განაცხადა, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს მაინც შეუერთდა.
სიტყვა „შვეიცარიის“ ხსენებისას ადამიანებს ნეიტრალიტეტთან ერთად ბანკებიც ახსენდებათ. თუ საქართველოში კომერციული ბანკები ლარში გახსნილ ანაბარზე 10-12 პროცენტ სარგებელს არიცხავენ, მსოფლიო ბანკის კვლევით შვეიცარიის ბანკში ანაბარზე დარიცხულმა საშუალო შეწონილმა განაკვეთმა 2021 წელს (-0.4%) შეადგინა. მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ მეანაბრე იქით უხდის ბანკს ფულს. შვეიცარიაში ფულს მოგების მიზნით არ ინახავენ. დაბალრისკიანი მოგების მისაღებად სამთავრობო ობლიგაციები და განვითარებადი ქვეყნების ბანკები არსებობს. შვეიცარიის ბანკი საიმედო საცავია, სადაც ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას უღირს წლიურად $4 მლნ-ს გადახდა იმისთვის რომ $1 მლრდ დაიცვას.
გამონაკლისები წესებს ამტკიცებენ. იმის მოლოდინი, რომ ხვალ ან ზეგ რუსი ოლიგარქები ბოლო ცენტამდე ყველაფერს დაკარგავენ გადაჭარბებული იქნება, თუმცა პროცესი უკვე დაწყებულია.