შვეიცარიელმა სპეციალისტებმა კორონავირუსით ინფიცირებულთა კონტაქტების დასადგენი აპლიკაციის შექმნაში Google-ის და Apple-ის პროგრამა გამოიყენეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შვეიცარია პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც ტექნოლოგიური გიგანტების პროგრამა გამოიყენა. პირველ ეტაპზე აპლიკაციას მედმუშაკები და ჯარისკაცები გამოცდიან.
პროგრამის გამოყენებას ლატვიაშიც აპირებენ, აშშ-ში კი მას მონაცემების შეგროვების მეთოდის გამო აკრიტიკებენ.
სხვა აპლიკაციებისგან განსხვავებით, ეს სისტემა Bluetooth-ტექნოლოგიას იყენებს.
აპლიკაცია ავტომატურად აღრიცხავს და თვალს მიადევნებს ადამიანებს, რომლებიც უშუალო კონტაქტში იქნებიან ერთმანეთთან გარკვეული დროის განმავლობაში.
ახალი დაავადებულის გამოვლენისთანავე, მასთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს მობილური ტელეფონის საშუალებით ინფორმაცია და რეკომენდაციები მიეწოდებათ, მაგრამ არ მიიღებენ ინფორმაციას თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო მათი დაინფიცირების წყარო.
Apple-მა და Google-მა პროგრამა გასულ კვირას წარადგინეს.
Imedinews.ge