„შვეიცარია ეკონომიკის ტყვეა. შვეიცარია ყველანაირად ეცადა, რომ ეკონომიკა არ გაჩერებულიყო და ენდო მოსახლოების შეგნებას, თუმცა ამ ნდობამ არ გაამართლა და გარდაცვლილი 715 ადამიანი შეგვიძლია ეკონომიკის მსხვერპლად მივიჩნიოთ.“ შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ზვიად არაბიძე „კომერსანტთან“ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ ზარალსა და შვეიცარიის მთავრობის საპასუხო ქმედებებს განიხილავს.
ქართული დიასპორის სავაჭრო სამრწველო პალატის წარმომადგენლმა ზვიად არაბიძემ ქართული ღვინის ექსპორტი შვეიცარიაში 2010 წელს დაიწყო. პირველი შეკვეთა, 12 000 ბოთლი 300 წლის ისტორიის მქონე ერთ-ერთმა უმსხვილესმა შვეიცარიულმა ღვინის მწარმოებელმა და იმპორტიორმა კომპანიამ შეიძინა. 2011 წელს ზვიად არაბიძის თაოსნობით შვეიცარიაში დაფუძნდა „ქართული სახლი - ‘‘GeoHaus Swiss‘‘-ი.
„შვეიცარიაში კორონა ვირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა 2020 წლის 25 თებერვალს დაფიქსირდა. რამდენადაც წარმოუდგენლად უნდა მოგეჩვენოთ, “საათივით აწყობილი“ ასეთი ქვეყანაც კი კორონა ვირუსის შემოტევას მოუმზადებლი შეხვდა. აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო ბაზაში 40%-ით ნაკლები პირბადე ინახებოდა, ვიდრე ეს ნორმით იყო გათვალისწინებული. ასევე გვიან აღმოაჩინეს, რომ ქვეყანაში არსებული სასუნთქი აპარატების ოდენობა არ შეესაბამებოდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ სტანდარტს. ამ ვითარებამ გარკვეული ქაოსი გამოიწვია. მთვრობა ვერ აწესებდა პირბადის ტარების ვალდებულებას, რადგან მარაგი არასაკმარისი იყო.
შვეიცარიაში ამჟამად კორონავირუსით დაინფიცირების 21 100 შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულთაგან 715 გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულია 7 298 ადამიანი. ჯანდაცვის მესვეურთა აზრით, ეპიდემიის პიკისათვის შვეიცარიას ჯერ კიდევ არ მიუღწევია.
შვეიცარიას საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდა იმისთვის, რომ ეპიდემიის გავრცელების საფრთხეს ეკონომიკის ნაწილობრივ შეჩერებით აღდგომოდა წინ. (ჩემი აზრით, შვეიცარიაში ძალიან გვიან აკრძალეს ეკონომიკური საქმიანობა და ისიც ნაწილობრივ.) რეგულაცია, რომელიც 5-ზე მეტი ადამიანის შეკრებას კრძალავს, 25 მარტს მიიღეს. სამსახურში სიარულის აკრძალვა ჯერ კიდევ არ არის საყოველთაო და ეს საკითხიც ისევ ნდობაზეა დამოკიდებული. მოსახლეობას სთხოვენ, გარდა გადაუდებელი საჭიროებისა, სახლიდან არ გამოვიდნენ. სახელმწიფოს მხრიდან ლოიალურმა მიდგომამ, სამწუხაროდ არ გაამართლა და უკვე 715-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი (6 აპრილის მონაცემებით). პირველ ეტაპზე, მარტის დასაწყისში, აიკრძალა 1000-კაციანი (და მეტი) შეკრებები. ბუნებრივია, ეს აკრძალვა ძირითადად კულტურულ ღონისძიებებს შეეხო. თუმცა იყო გამონაკლისებიც: ერთ მარტივ მაგალითს მოგიყვანთ - ოპერაში 1100-მდე დასასწრები ადგილია (960 რეგულარული და 140 დამატებითი). როდესაც 1000 კაცზე მეტის შეკრება აიკრძალა, ოპერის ხელმძღვანელობამ წარმოდგენები არ შეაჩერა მანამ, სანამ 6 თანამშრომელი ავად არ გახდა“- განმარტავს არაბიძე.
რაც შეეხება ეკონომიკურ მიდგომას, კორონა ვირუსისგან გამოწვეული ეკონომიკური ზარალის პრევენციის მიზნით მთავრობამ ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან დახმარების სახით 60 მილიარდი ფრანკი გამოყო. ეკონომისტების აზრით, კრიზისის გახანგრძლივების შემთხვევაში, ამ დახმარების 100 მილიარდამდე გაზრდა შეიძლება გახდეს საჭირო. დასაქმებულებისა და თვითდასაქმებულებისთვისაც დიდი შეღავათებია მიღებული - მათთვის თვიური შემოსავლის 80%-მდე შევსება ხდება. კომპანიებს კი წლიური შემოსავლის 10%-მდე სესხის აღების უფლებას აძლევენ უპროცენტოდ ან 0,5 პროცენტში.
შვეიცარიის მთვრობაში დღემდე გაურკვეველია დასაქმებულთა იმ ნაწილის ბედი, ვისაც, ასე ვთქვათ, “არაპირდაპირ“ მიადგა სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად გამოწვეული ფინანსური ზარალი. აქ იგულისხმებიან ის პირები, რომლებიც არ არიან რომელიმე უწყებისა თუ დაწესებულების თანამშრომლები, მაგრამ სისტემატიურად იღებდენ დაკვეთებს. ასეთებია მაგალითად თარჯიმნები, დღიურ გამომუშავებაზე მყოფი ხელოსნები და ა. შ. მათ შესახებ რეგულაციის მიღების სირთულეს ეკონომიკის სამინისტრო გულახდილად აღიარებს და მოსახლეობას ჰპირდება, რომ 8 აპრილისთვის გამოსავალს იპოვის.
ასევე აღსანიშნავია, რომ შვეიცარიაში ოთხი სახელმწიფო ენა და 26 ავტონომიური რეგიონია (კანტონი). თითოეული კანტონი საკუთარი თავისებურებების გათვალისწინებით დამატებით რეგულაციებს თვითონვე განსაზღვრავს. ასევე პროფესიული გაერთიანებები და ასოციაციები ეხმარებიან წევრებს ინტერესების დაცვაში.
რაც შეეხება GeoHaus-ის საქმიანობას, ამ ეტაპზე ქართული პროდუქტის მიმართ ინტერესმა და შეკვეთებმა იკლო. მარტსა და აპრილში ღვინის დეგუსტაციები და პარტნიორებთან ერთად დაგემილი ოთხი ღონისძიება გავაუქმეთ, რომელთაგან ერთი 1000 კაცზე იყო გათვლილი. გაუქმებული ღონისძიებიდან მიღებული დანაკარგების ანაზღაურებას სახელმწიფო იმ შემთხვევაში ახდენს, თუ საწარმო შეძლებს დაასაბუთოს, რომ ზარალი სახელმწიფოს მიერ კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის გატარებულმა ღინისძიებებმა გამოიწვია.
ჩვენი პროდუქტის, GeoHaus Selection, ხარისხიდან გამომდინარე შვეიცარიაში მუდმივად გვყავს მომხმარებელთა ის სეგმენტი, რომელსაც ხარისხიანი ღვინო საკუთარი მოხმარებისთვისაც ემეტება. ასეთ კლიენტებს შეკვეთებს ფოსტის საშუალებით ვაწვდით ან თავად მოდიან საწყობში შეკვეთილი ღვინის წასაღებად. - აღნიშნავს ზვიად არაბიძე.
მარიამ მორგოშია