შვედეთის პარლამენტის დეპუტატები გამოდიან საკანონმდებლო იცინიატივით, რომელიც მოქალაქეების მიერ იპოთეკური კრედიტის დაფარვის მაქსიმალური ვადის შეზღუდვას ითვალისწინებს. ინიციატივის თანახმად, შვედები 105 წელზე მეტი ხანგრძლივობის იპოთეკურ სესხს ვეღარ აიღებენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ასეთი კანონპროექტის წარდგენა მოხდა იმ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეების მხრიდან ფინანსური ინსტიტუტებისადმი დავალიანების დონის შემცირებას. შეთავაზებული შეზღუდვების კიდევ ერთი მიზეზი არის საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების შემცირება.
აღნიშნული წინადადებების პარლამენტში შეტანამდე შვედეთის მოქალაქეებს შეეძლოთ, ბინის შესაძენად კრედიტი პრაქტიკულად განუსაზღვრელი ვადით აეღოთ, რამაც გამოიწვია ის, რომ 2013 წლისთვის იპოთეკის საშუალო ვადამ 140 წელს მიაღწია და ამ დავალიანების დაფარვა ახლა მსესხებლების შვილებს და შვილიშვილებს უწევთ.
გრძელვადიანი იპოთეკური სესხები, ცხადია, მნიშვნელოვნად ამცირებს ყოველთვიურ გადასახადს, მაგრამ ბანკები ხშირად აწყდებიან იმ პრობლემას, როდესაც მემკვიდრეები, რომლებსაც აქვთ საკუთარი საცხოვრებელი და არ სურთ დამატებითი ხარჯების აღება, უძრავ ქონებას ყიდიან.
ახალი კანონი კი ადგენს მინიმალურ ყოველწლიურ გადასახადს ხუთწლიანი საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ.
შვედეთის ფინანსური დაწესებულებები უკვე გამოვიდნენ სიახლის წინააღმდეგ. ბანკების წარმომადგენელთა აზრით, ასეთი კანონპროექტი ნეგატიურად აისახება შინამეურნეობების მფლობელებზე, რადგან გამოიწვევს იპოთეკის გაძვირებას და მისი მიღების პირობების გამკაცრებას. ეს კი, თავის მხრივ, მთელი შვედეთის ფინანსურ სტაბილურობაზე აისახება.
თუმცა პარლამენტარები აპირებენ მიიღონ ეს კანონპროექტი და ამბობენ, რომ ინფლაციამ და ფასების ზრდამ ქვეყანა იქამდე მიიყვანა, რომ ადგილობრივი შინამეურნეობები მთელ ევროკავშირში ყველაზე ჭარბად დაკრედიტებულნი არიან. შვედეთის მოქალაქის საშუალო წლიური დავალიანება იპოთეკის კუთხით მისი წლიური შემოსავლის 366%–ს შეადგენს.