4 ივლისიდან შვედეთი საზღვრებს ევროკავშირის არაწევრი 14 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის გახსნის. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Local-ი ავრცელებს.
საქართველოს, ავსტრალიის, ალჟირის, ახალი ზელანდიის, იაპონიის, კანადის, მაროკოს, მონტენეგროს, რუანდის, სამხრეთ კორეის, სერბეთის, ტაილანდის, ტუნისისა და ურუგვაის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში კარანტინის გავლა ან კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის ჩვენების ვალდებულება არ ექნებათ.
თუმცა ყველა ტურისტი ვალდებული იქნება, დაიცვას ადგილობრივი ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციები, მათ შორის სოციალური დისტანცირების წესები და უარი თქვას პიკის საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობაზე.
ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაასახელა უსაფრთხო ქვეყნების სია და რეკომენდაცია მისცა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, პირველი ივლისიდან ამ ქვეყნების მოქალაქეებს შესვლის ნებართვა მისცენ. 14 უსაფრთხო ქვეყანას შორის საქართველოც მოხვდა.
imedinews.ge