ამ დღეებში აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს ბრძანებას, რომელიც ამერიკულ კომპანიებს აუკრძალავს იმ უცხოური აღჭურვილობის გამოყენებას, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ეს ნაბიჯი მიმართულია ჩინური Huawei-ს წინაამღდეგ.
თავად ტრამპის ბრძანებაში არსად არაა ნახსენები არც Huawei, არც რომელიმე სხვა კონკრეტული დასახელება. გადაწყვეტილების ფორმალური საფუძველია პუნქტი კანონმდებლობაში, რომელიც დასაშვებად ხდის სახელმწიფოს ჩარევას კერძო ბიზნესის საქმიანობაში იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ეროვნული უსაფრთხოებისთვის უშუალო და პირდაპირ საფრთხეს.
თუმცა, სააგენტოების წყაროს ინფორმაციით, ახალი გადაწყვეტილების მთავარი სამიზნეა სწორედ ჩინური კონცერნი, რომელიც ვაშინგტონმა უკვე რამდენიმეჯერ დაადანაშაულა სადაზვერვო მოწყობილობის შექმნაში.
დოკუმენტი 1 წლის მანძილზე მზადდებოდა და მისი ამოქმედება რამდენიმეჯერ გადაიდო აშშ-ს და ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებების მიზეზით.
ამ განკარგულების მიღება სავარაუდოდ კიდევ უფრო გაართულებს დაძაბულ ურთიერთობებს ვაშინგტონს და პეკინს შორის, რადგანაც Huawei არის სმარტფონების სიდიდით მესამე მწარმოებელი მსოფლიოში. ჩინეთი ამას თვლის, როგორც ბიზნესზე უსამართლო კონკურენციით თავდასხმად და აღიქვამს ჩინეთის დასუსტებისკენ გადადგმულ გამიზნულ ნაბიჯებად.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკული სახელმწიფო უცხადებს უნდობლობას ჩინურ მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს - 2018 წლის ზაფხულში დონალდ ტრამპმა აუკრძალა აშშ-ს სამთავრობო სტრუქტურებს Huawei-ს და ZTE აღჭურვილობის გამოყენება.
მაშინ ეს აკრძალვა მხოლოდ საბიუჯეტო სფეროს შეეხო, თუმცა ახალი დადგენილება უკვე კერძო კომპანიებს ეხება, პირველ რიგში - სატელეკომუნიკაციოს.
აპრილის ბოლოს ბრიტანულმა გაზეთმა The Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ანგარიშის შესახებ, სადაც გაანალიზებული იყო Huawei-ს დაფინანსების საკითხი. კერძოდ დოკუმენტში ნათქვამია, რომ კონცერნი ჩინური სპეცსამსახურების და სამხედროებისგან იღებს ფულს.
ამ მოხსენების მიზანი იყო ბრიტანეთის და ევროკავშირის სხვა ქვეყნების დარწმუნება იმაში, რომ მათ უარი განაცხადონ ჩინური კონცერნის აღჭურვილობის გამოყენებაზე 5G-ის ქსელის შექმნისთვის.
მარტში ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა Huawei-ს მოწყობილობაში სერიოზული ხარვეზები გამოავლინა, რომლებიც ძირითადად საინფორმაციო უსაფრთხოებას ეხებოდა. ამავე დროს ანგარიშის ავტორების აზრით, ჩინურ კომპანიას ამ ხარვეზების გამოსწორება არ შეუძლია.
ვაშინგტონი ასევე აქტიურად მუშაობს Huawei-ს წინააღმდეგ ევროპის სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად, გერმანიაში. აშშ-მ გააფრთხილა ბერლინი იმის თაობაზე, რომ სადაზვერვო მონაცემების გაცვლას იმ შემთხვევაში შეწყვეტს , თუ გერმანია მე-5 თაობის მობილური ქსელების შექმნაში Huawei-ს აპარატურას გამოიყენებს . ამის თაობაზე აშშ-ს ელჩმა გერმანიაში რიჩარდ გრენელმა გერმანიის ეკონომიკის მინისტრს პეტერ ალტმაიერს მიწერა.
წერილში ნათქვამია, რომ უშიშროების და დაზვერვის სფეროში თანამშრომლობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კომუნიკაციების უსაფრთხო სისტემებს, ხოლო ჩინეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი კომპანიები წარმოადგენენ საფრთხეს აშშ-ს და მოკავშირეებს შორის კონტაქტების კონფიდენციალურობისთვის.
ეს საკმაოდ სერიოზული მუქარაა იმის გათვალისწინებით, რომ ევროპელებისთვის ტერორიზმთან ბრძოლაში აუცილებელია აშშ-ს სადაზვერვო მონაცემები - მაგალითად, 2018 წელს აშშ-სთან თანამშრომლობით გერმანიამ თავიდან აირიდა ტერაქტი კიოლნში.
ამგვარი გაფრთხილების არსებობა დაადასტურა აშშ-ს საელჩომ გერმანიაში - პრეს-სამსახურის ცნობით, „ აშშ-ს პოზიცია ამ საკითხში კარგადაა ცნობილი“.
„არასანდო ოპერატორების ყოფნა გერმანიის საკომუნიკაციო ქსელებში იწვევს კითხვებს შეტყობინებების და ინფორმაციის მთლიანობასთან და კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით. მომავალში ამას შეუძლია დარტყმის ქვეშ დააყენოს აშშ-ს და მოკავშირეების ოპერატიული თანამშრომლობა და ინფორმაცია გაცვლა,“ - განაცხადა საელჩომ.
იანვრის ბოლოს აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ ოფიციალურად დაადანაშაულა Huawei სამრეწველო შპიონაჟში ირანის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, უწყება ამტკიცებდა, რომ 2012 წელს Huawei -მა ამერიკული კომპანია T-Mobile-ს მიერ შექმნილი ერთ-ერთი ტექნოლოგია მოიპარა, და რომელსაც ამჟამად აქტიურად იყენებს თავის მოწყობილობებში.
გამოძიება ამ თემების ირგვლივ 2014 წლიდან მიმდინარეობს.
იუსტიციის სამინისტრო ასევე ამტკიცებს, რომ Huawei ჩრდილოვან და უკანონო საქმიანობას ირანში აწარმოებდა და საერთაშორისო ორგანიზაციებს არასწორ ინფორმაციას აწვდიდა თავისი ირანული განყოფილების საქმიანობის თაობაზე.
Huawei ყველა წამოყენებულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
Reuters