დისტანციის მზომი ხელსაწყო და პირბადე არ არის იმ სახსრებთან დაკავშირებული, რომელიც რადიკალურ ცვლილებას ახდენს ფასზე. განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ გადაცემაში „დილის შოუ“.
მისი თქმით, ეს წესები ტექნიკური რეგლამენტით ისედაც დაცული უნდა ყოფილიყო და ახლა უბრალოდ კონტროლი გაძლიერდება.
„რამდენიმე შეხვედრა გვქონდა და შევაჯერეთ პოზიციები. ყველას გვესმის, რომ რაღაც კუთხით იზრდება ხარჯები, ყველა მიმართულებით ასეა, მაგრამ ეს არის გარანტი იმისა, რომ ეკონომიკური გახსნის პროცესი გრძელვადიანი იქნება. თუ ერთჯერად ხარჯებს არ გავწევთ, მივიღებთ იმას, რომ ისევ შეზღუდვების დაწესება მოგვიწევს და ამის პრეცედენტები რამდენიმე ქვეყანაში არსებობს. რაც შეეხება მომსახურების ფასის გაზრდას, ამაზეც გვქონდა საუბარი და არ გვაქვს მოლოდინი, რომ მომსახურების საფასური უნდა გაიზარდოს“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.
სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები საქართველოში 18 მაისიდან გაიხსნება.
Imedinews