შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე აჭარის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ ფორმატით გამართულ შეხვედრას დაესწრო. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„შეხვედრაზე ბიზნეს სექტორს „მწვანე პასპორტის“ კონცეფციის პრაქტიკაში განხორციელებასთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს და მათთან ერთად განიხილეს მწვანე ზონებთან დაკავშირებით მიღებული წესები. „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით საინფორმაციო სახის პირველი შეხვედრა კვების ობიექტების წარმომადგენლებთან გაიმართა. 1-ლი დეკემბრიდან მწვანე სტატუსის მქონე რესტორნებს მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ. ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია კი ასევე პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. ბიზნეს სექტორთან შეხვედრას ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე და აჭარის ა. რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძეც ესწრებოდნენ.
საინფორმაციო სახის შეხვედრები დაგეგმილია „მწვანე პასპორტის“ სიატემაში ჩართულ სხვა ბიზნეს სექტორებთანაც“ – ნათქვამია ინფორმაციაში.