კომპანია ,,ქართული მწვანილის“ წარმოება და რეალიზაცია გასულ წელს 25%-ით შემცირდა. ამის მიზეზად კომპანიის ხელმძღვანელი, მეწარმე ჯუმბერ ბელთაძე პანდემიურ მდგომარეობას, განსაკუთრებით სამუშაო ძალასთან დაკავშირებულ პრობლემას მიიჩნევს.
ცალკე საკითხია ის გარემოებას, რომ ქართულ პროდუქტს კონკურენციას ირანის ბაზარი უწევს — ირანულ მწვანილზე პარტნიორები ნაკლები ფასის გამო აკეთებენ არჩევანს.
,,წინა წელს მოსავლიანობაში მკვეთრი კლება გვქონდა. ამის რამდენიმე მიზეზია, ძირითადად პანდემიური ვითარება, რის გამო წარმოება დაახლოებით 25%-ით შემცირდა. საერთოდ, პანდემიამ რიგი კორექტივები შეიტანა როგორც გაყიდვების მხრივ, ასევე წარმოებაშიც. ექსპორტზე მთავარი პრობლემა ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობაა. ადგილზე ამას ემატება მუშა ხელის სიმცირე, რაც რეგიონებში უკვე სერიოზულ პრობლემად იქცა. გარდა იმისა, რომ ჩვენი სათბურის წარმოება შემცირდა, ვერც მოსახლეობიდან ვიბარებთ საჭირო რაოდენობის პროდუქტს, უკვე ხალხი ვერ ამზადებს საკმარისი რაოდენობით. 4-5 წელია ეტაპობრივად იკლო მწვანილის მოსავლიანობამ და დიდწილად ირანული მწვანილი შემოდის. ზოგადად, ირანია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმწოდებელი და გლობალურ ბაზრებზეც ყველაზე მოთხოვნადია, რის გამოც კონკურენცია გვიჭირს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროდუქტი ხარისხით მათ ნაწარმს სჯობს, ირანში მუშახელიც და ტრანსპორტირებაც შედარებით იაფია და არჩევანს ძირითადად ამ პროდუქტზე აკეთებენ“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ ჯუმბერ ბელთაძე.
რაც შეეხება ფასს, 1 კილოგრამი მწვანილი ადგილობრივ ბაზარზე 5-6 ლარის ფარგლებში იყიდება, ხოლო ექსპორტზე მისი ღირებულება 10 ლარს აჭარბებს.
ცნობისთვის, შპს ,,ქართული მწვანილი“ წყალტუბოში, სოფელ ქვიტირში მდებარეობს. მეურნეობა 50 ადამიანს ასაქმებს. კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დაახლოებით კიდევ ამდენს დაასაქმებს, თუმცა დეფიციტის გამო საჭირო კადრს ვერ შოულობს.
სეზონზე წარმოების მოცულობა 70-80 ტონამდეა, საიდანაც 90% უკრაინაში გადის.
მარი ჩიტაია