შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზამ“ განმარტებითი განცხადებით მიმართა „კომერსანტის“ რედაქციას კვირას გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით – „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“ 383 მლნ. ლარის ზარალზეა, - რატომ?“. სტატიის ავტორი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და „საქართველის სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ანგარიშებს დაეყრდნო.
კომპანიის განმარტებით განცხადებას „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ 2020 წლის ზარალის შესახებ, რომელიც საჭიროებს გარკვეულ განმარტებას.
სტატიაში აღნიშნულია, რომ შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ ზარალი შეადგენს 383 მილიონ ლარს, თუმცა მასში არაფერია ნათქვამი, თუ რით არის განპირობებული აღნიშნული ზარალი.
შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“ შეიქმნა „ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის“ პროექტის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობის რეალიზაციისთვის. პროექტის დაფინანსება ხორციელდება საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ გამოყოფილი კრედიტით. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზას“ საკუთარი შემოსავალი არ გააჩნია და, შესაბამისად, ვერ იქნება მომგებიანი. ზარალი გამოწვეულია ეროვნული ვალუტის აშშ დოლართან საკურსო სხვაობით. კომპანიას აკრძალული აქვს ყველანაირი კომერციული საქმიანობა, შესაბამისად, არ შეუძლია შემოსავლის მიღება და ზარალიც სწორედ აქედან გამომდინარეობს.
„ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტს” უდიდესი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს მთლიანად რეგიონისთვის, განსაკუთრებით კი, საქართველოსთვის. აღნიშნული პროექტი Global Infrastructure Leadership Forum-ზე დასახელდა 100 საუკეთესო გლობალურ პროექტს შორის.
შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ ადმინისტრაცია“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.