მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში შიდა ტურიზმი გაორმაგდა და თვეში 1.231 მლნ ვიზიტორს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმქაციას საქსტატი ავრცელებს.
2021 წლის მეორე კვარტალში ვიზიტორების 38.3% მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 53.6%-ს შეადგენდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 44.1% თბილისის მაცხოვრებელია, 11.6%იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე მოდის, 11.2%- ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.
ვიზიტების უმთავრეს მიზანს 47%-ის შემთხვევაში მეგობრების/ნათესავების მონახულება წარმოადგენდა. 17.5%-ის მიზანს მეორე სახლის/აგარაკის მონახულება. მას შოპინგი, მკურნალობა, დასვენება, ეკონომიკური საქმიანობა, მომლოცველობა და განათლენის მიღება მოსდევდა.
შიდა ტურიზმზე მეორე კვარტალში თვეში საშუალოდ 203 მლნ ლარი იხარჯებოდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 128%-ით აღემატება. 8.9%-ით 144 ლარამდე გაიზარდა ერთ ვიზიტზე განხორციელებული ხარჯიც.