შეზღუდვების ერთი ნაწილის შემსუბუქების პარალელურად, მთავრობა მეორე ნაწილს ამკაცრებს. პირბადის ტარების წესების განმეორებით დარღვევაზე გაორმაგებული ჯარიმის პარალელურად რესტორნებიდან გატანის სერვისიც გართულდა. მოლებში მდებარე კვების ობიექტებიდან რაიმეს შეძენა მხოლოდ Glovo-ს ან Walt-ის აპლიკაციით გახდა შესაძლებელი.
საპატრულო პოლიციის მომსახურების ცენტრში „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ პირბადესთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებული რეგულაცია სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში ამოქმედდება და ის შეეხება იმ პირს, ვინც ერთი წლის განმავლობაში ორჯერ დაარღვევს მას. ჯარიმა 40 ლარი იქნება და აღარ გაიზრდება მესამე ან მომდევნო დარღვევის შემთხვევაში. ჯარიმას დაექვემდებარება ასევე ის პირიც, ვისაც პირბადე ჩამოწეული ექნება.
დამატებითი პრობლემები შეექმნათ სავაჭრო ცენტრში განთავსებულ კვების ობიექტებსაც. თუ თებერვლამდე მომხმარებელს პროდუქტის ყიდვა და გატანა ჩვულებრივ შეეძლო, თებერვლიდან ეს უფლება მხოლოდ საკურიერო სერვისს დარჩა. სამთავრობო ცხელ ხაზზე 144-ზე დარეკვისას განმარტავენ რომ აღნიშნული რეგულაცია გაზრდილი მობილობის საკომპენსაციოდ შემოიღეს. კითხვაზე რის კომპენსირება ხდება შაბათ-კვირას, როდესაც მოლები დაკეტილია ზუსტი პასუხი არ აქვთ.
2020 წლის 26 ნოემბერს საკოორდინაციო საბჭომ მეორე ლოკდაუნის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. გეგმის თანახმად 28 ნოემბრიდან გაჩერდა ყველა სახის საქალაქთაშორისო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. დაიხურა სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები, გარდა აგრარული ბაზრებისა. ასევე დაიხურა რესტორნები, ფიტნესი, აუზი და სხვა მომსახურების ობიექტები სილამაზის სალონების გარდა. შეზღუდვების დიდი ნაწილი 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით უნდა მოხსნილიყო, ამ პერიოდში დაგეგმილი იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაც. შეზღუდვების მეორე ნაწილი ეტაპობრივად 16 იანვრიდან იხსნებოდა.
იმის გათვალისწინებით, რომ მომდევნო 2 თვე მაღაზიების დიდი ნაწილი დაკეტილი იქნებოდა პარასკევს 27 ნოემბერს რიგები დადგა, მათ შორის ისეთ ობიექტებთანაც, სადაც ე.წ. შავი პარასკევის ფასდაკლების აქცია არ მოქმედებდა, თუმცა მას რაიმე სახის დამატებითი გავლენა ისედაც დამძიმებულ ეპიდვითარებაზე აღარ მოუხდენია. 24 დეკემბერიდან დაპირების საწინააღმდეგოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ აღდგა, გაიხსნა მოხოლოდ მოლები, რომლებსაც მუშაობის უფლება მხოლოდ 19:00 სთ-მდე მიეცათ. 20 კვადრატულ მეტრში მხოლოდ 1 მომხმარებლი დაიშვებოდა, მაშინ როცა ყველა მხრიდან ორმეტრიანი დისატანციის დასაცავად 13 კვადრატული მეტრიც საკმარისი იყო. საზოგადოებრივი ტრანპორტისგან განსხვავებით კომენდანტის საათთან დაკავშირებული პირობა მთავრობამ შეასრულა. 31 დეკემბერს და 6 იანვარს გადაადგილება თავისუფალი იყო.
16 იანვრიდან არაფერი შეცვლილა და თებერვლამდე მოქმედი რეგულაციები გაგრძელდა. პროტესტისა და დაანონსებული დაუმორჩილებლობის ფონზე მთავრობამ მცირე დათმობის გზა არჩია. 1-ლი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები გაიხსნა, ოღონდ მხოლოდ ორშაბათ-პარასკევის ჩათვლით და მხოლოდ 19:00 სთ-მდე. ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, მოლების ამ შეზღუდვით პრობლემა არ შეექმნებათ და მომხმარებელი დროში გადანაწილდებოდა. თუ ეკონომიკის მინისტრი მართალია, მაშინ გამოდის რომ მომხმარებელთა იგივე რაოდენობა რაც 84 საათში ნაწილდებოდა, კვირაში 7 დღე, დღეში 12 საათი, 10:00-და 22:00 სთ-მდე, ახლა 45 საათში კვირაში 5 დღე, დღეში 9 საათი, უნდა მოხვდეს ერთ სივრცეში, რაც დატვირთვის 86%-იან ზრდას გულისხმობს. რეალობაში დასაქმებულ ადამიანს სამუშაო საათებში საყიდლებზე გასვლა ძალიან გაუჭირდება და მომხამრებელთა მხოლოდ მცირე ნაწილი გადანაწილდება დროში.
15 თებერვლიდან დაგეგმილია რესტორნების გახსნა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც 2 შეზღუდვა იმოქმედებს, რესტორნები ფუნქციონირებას მხოლოდ ღია სივრცეებში შეძლებენ ისიც მხოლოდ ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით 19:00 საათამდე. რესტორატორთა ასოციაციციისთვის ცვლილებები მიუღებელი აღმოჩნდა, თუმცა 6 თებერვალს დადგეგმილი თვითნებური გახსნა მაინც გადადო. რესტორნები ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნას უყენებენ მათ შორის: შიდა სივრცეების გახნას, შაბათ-კვირას მუშაობის მიცემის უფლებას, კომენდანტის გაუქმებას ან 00:00 სთ-მდე გადაწევას, ბანკებთან შუამდგომლობას დაბალპროცენტიან სესხზე, თანამშრომლების სახელფასო კომპენსირებას სრულ გახსნამდე, ორწლიან საშეღავათო პერიოდს. თავის მხრივ ჯერ კიდევ 4 თებერვალს პრემიერმა განაცხადა, რომ ის ბიზნესსუბიექტები, რომლებიც რეგულაციებს დაარღვევდნენ და თვითნებურად იმოქმედებნენ მომავალში სამთავრობო შეღავათებით ვეღარ ისარგებლებდნენ.
მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა კომენდანტის საათთან მიმართებაში. ამირან გამყრელიძის განცხადებით მისი მოხსნა ამ ეტაპზე არც განიხილება. უფრო ადრე პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ სავარაუდოდ ყველაზე ბოლოს კომენდანტის საათი გაუქმდება. მისივი განცხადების თანახმად შეზღუდვა წესით აპრილში აღარ უნდა გაგრძელდეს.
4 თებერვალს ვიცე პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ კომენდანტის საათი გაზრდილი მობილობის საკომპენსაციოდ უცვლელი დარჩებოდა. მისივე თქმით გადაადგილების შეზღუდვის გამკაცრება უფრო სწორი იქნებოდა, მაგრამ მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამ ნაბიჯს არ დგამენ.
ბიზნესი სრულად, ასევე პოლიტიკოსებისა და არასამთავრობოების ნაწილი კომენდანტის საათის გაუქმებას ან როგორც მინიმუმ მის გადაწევას ითხოვს.
იანვრის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 26 თებერვალს გამოქვეყნდება. დეკემბერში ეკონომიკა 7.9%-ით შემცირდა, მთლიანად 2020 წელს კი 6.1%-ით, რაც 1994 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნაა. 2021 წლის ბიუჯეტი 4.3%-იან ზრდაზეა დაგეგმილი, რაც რეგულაციების დიდი ნაწილის შენარჩუნებისა და ვაქცინაციის დაწყების გაჭიანურების ფონზე საეჭვო ხდება. ეროვნული ბანკის პესიმისტური სცენარით, იმ შემთხვევაში თუ ტურიზმი არ აღდგა, ზრდა მხოლოდ 1% იქნება, ასეთ შემთხვევაში 2019 წლის მაჩვენებელს ქვეყანა არათუ 2021 წელს 2022 წელსაც ვერ დაუბრუნდება.
გიორგი ელიზბარაშვილი