საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, სამინისტროს ჰქონდა მყისიერი რეაგირება, - ასე აფასებს იუსტიციის სამინისტროს ქმედებებს მინისტრი რატი ბრეგაძე. მისი თქმით, ერთ-ერთმა ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ, სამინისტრომ მიმართა ექსპერტიზას, რაზეც საბოლოო ჯამში თავად სააკაშვილმა განაცხადა უარი.
კითხვაზე, საიდან შეიძლება აღმოჩენილიყო მედიკამენტები, მინისტრმა აღნიშნა: „მედიკამენტების ბუნებრივია, აწვდის სამედიცინო პერსონალი და ამის შესახებაც ვთქვი, რომ არაერთი ცილისმწამებლური კამპანია ვნახეთ, რაც შეიძლება შეფასებული იყოს, როგორც ექიმის მუშაობაში უკანონო ჩარევა და შესაბამისად, თუ ვინმე ბედავს და ექიმზე მსგავსი ტიპის განცხადებას გააკეთებს, რომ ექიმმა შესაძლოა, ვინმე მოწამლოს, ეს არის ამორალური.
რაც შეეხება საკვებს, უნდა ითქვას, რომ მსჯავრდადებულ სააკაშვილს მიეწოდება მხოლოდ ის საკვები, რომელსაც აწვდიან მისი ნდობით აღჭურვილი პირები, ესენი არიან ოჯახის წევრები და ასევე სხვები, რომლებზეც მან განაცხადა თანხმობა. შესაბამისად, როდესაც ვინმე ბედავს და საუბრობს საკვებზე ან მედიკამენტებზე, კეთილი ინებოს და შესაბამისი დასკვნები გააკეთოს, ვისზე საუბრობს საერთოდ“, – განაცხადა ბრეგაძემ.