ორთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოში შიდა ტურიზმი განახლდა. 15 ივნისიდან ადგილობრივი ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ, საქართველოში მდებარე სასტუმროებს ესტუმრონ. ტუროპერატორები და გიდები პანდემიის შემდეგ დაწესებულ რეგულაციებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მათი შიდა ტურიზმის განახლება მათი საქმიანობის გააქტიურებას ვერ გამოიწვევს.
რა მოლოდინები აქვთ გიდებს და რა პრობლემები შეიძლება იყოს პანდემიის პარალელურად შიდა ტურიზმზე, ამის შესახებ „კომერსანტს“ გიდი სულხან წულუკიძე ესაუბრა.
მისი განცხადებით, გარდა იმისა, რომ გიდები შემოსავლის გარეშე დარჩენენ, სახელმწიფოსგან დახმარება არ მიუღიათ.„შიდა ტურიზმის გააქტიურებას გიდებისთვის არანაირი სარგებელი არ აქვს,რადგან ქართველი ტურისტი არ სარგებლობს გიდის მომსახურებით, თუ არ ჩავთვლით სკოლებს, რომლებიც დღეს დისტანციურ მუშაობაზე არიან გადასულნი.მძღოლების შემთხვევაში შედარებით უკეთესადაა საქმე, მაგრამ გიდები თამაშგარე მდგომარეობაში ვართ. 15 ივნისი იქნება თუ 30 აგვისტო არანაირი შეღავათი და სარგებელი არ გვაქვს. არავისგან გამოხმაურება არ გვქონია, სახელმწიფოს მხრიდან არც დახმარება არც ალტერნატივა.
რაც შეეხება გარე ტურიზმს, ჩვენ შეიძლება გავხსნათ საზღვრები, მაგრამ შესაძლოა ტურისტები არ ჩამოვიდნენ.გარკვეულ ქვეყნებს უბრუნდებათ ვირუსის მეორე ტალღა და არავინ არ იცის რა იქნება 1 ივლისის შემდეგ,“-აცხადებს სულხან წულუკიძე.
ის იმ გაუქმებულ ტურებსა და ფინანსურ ზარალზეც საუბრობს, რომელიც გიდებს კორონავირუსის გამო მიადგათ.
„ტურისტულ კომპანიებთან,რომლის ტურებიც დაჯავშნილი მქონდა, ყველა ერთმანეთის მიყოლებით უქმდება.ზაფხულის ყველა ტური გაუქმებულია, სექტემბერი ოქტომბერი დარჩენილია, თუმცა, ჩემი აზრით, ეგეც გაუქმდება. სახელმწიფოს პოლიტიკა გასაგებია, რომ განწყობას არ გვიფუჭებენ გიდებს, თუმცა ვინც რეალისტია სხვა კუთხით აფასებს სურათს და ეძებს სხვა სამსახურს.საკოორდინაციო შეხვედრა გვქონდა ტურისტულ ალიანსთან და ერთ-ერთ შეხვედრაზე პოტენციურ დამსააქმებელთან შეხვედრა მოხდა ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ადმინისტრაციის შუამდგომლობით. ამ წელს არაფრის იმედი არ გვაქვს. თუ წელიწადში ერთ გიდს უნდა აეღო 50 000 ლარი, ახლა ვართ 2 000 ლარის წლიურ შემოსავალზე,“-აღნიშნა წულუკიძემ.
ნათია ლომიძე